შს მინისტრის მოადგილე - ახალქალაქში გუშინ მომხდარ ინციდენტზე ეჭვები არსებობს და გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ახალქალაქის გუშინდელ ინციდენტზე ეჭვები არსებობს და გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

მისივე ინფორმაციით, დაზარალებული ამბობს, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და უბედური შემთხვევა იყო.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დავიწყეთ. ოპოზიციამ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. დაზარალებული გუშინ გამოვკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამავდროულად კიდევ განსხვავებული განცხადებები ვრცელდება, მათ შორის დაზარალებულის და ოჯახის წევრების მხრიდან. ყველას მინდა მოვუწოდო ვინც საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დაზარალებულები, მისი ოჯახის წევრები უნდა მიბრძანდნენ და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდონ. საგამოძიებო ორგანოების მიღმა ამგვარი მითქმა-მოთქმები დანაშაულის ჩადენა- არჩადენის ფაქტთან დაკავშირებით არასწორია. ან უნდა ჩამოყალიბდნენ ერთიან პოზიციაზე და საგამოძიებო ორგანოში ისე მივიდნენ, ან ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გავრცელდა ინფორმაცია თითქოს რაღაც ზეწოლა განხორციელდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ამის განხორციელების დრო არ იყო, იმიტომ, რომ ადამიანი საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდა, პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს. სიმართლე გითხრათ, ვიცოდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ამბავი ატყდებოდა. გამოკითხვას თარჯიმანი ესწრებოდა და გამოკითხვის მთელი მიმდინარეობა ვიდეოსაშუალებითაა გადაღებული. საზოგადოებას თუ დააინტერესებს, შეგვიძლია ეს ვიდეომასალა გავაცნოთ, სადაც ვერანაირი ზეწოლის და მუქარის ფაქტს ვერ ნახავთ. მათ შორის დაზარალებულის განმარტებებიც შეგიძლიათ მოისმინოთ. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. დაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია - მეორეს, ჩვენ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას მაინც დეტალურად ვატარებთ იმისთვის, რომ დავადგინოთ რომელი ვერსიაა სწორი. თუ დავადგენთ, რომ რომელიმე მათგანი იტყუება, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაც ისჯება და საგამოძიებო ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც. ალბათ, გამოძიება მუშაობას ამ მიმართულებითაც გააგრძელებს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ნაცემი ოპოზიციის მხარდამჭერი რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თავად დაზარალებული თავდასხმის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოღოსიანს ფიზიკურად ნიღბიანი მამაკაცები გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლები დაემუქრნენ, რომ არ ესაუბრა მომხდარის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა