სჯობს ირაკლი სესიაშვილმა მიხედოს იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მათი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს - საგარეო ასპარეზზე გაქრა თავიდან ბოლომდე საქართველო, - ასე პასუხობს გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, რომლის განცხადებითაც სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები დააკარგინა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრობის შედეგია, რაც ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება წინ არა სახელმწიფოებრივ, არამედ პირად ინტერესებს აყენებს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.
„სჯობს ირაკლი სესიაშვილმა მიხედოს იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მათი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს, ასობით ჰექტარი დავკარგეთ უკვე. საგარეო ასპარეზზე გაქრა თავიდან ბოლომდე საქართველო. გაეროს სხდომაზე პოროშენკო საუბრობდა საქართველოს ოკუპაციაზე და ბახტაძემ რაღაც ნახევარი სიტყვა დაუთმო ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდე გაცილებით კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ე.წ საზღვრის გავლების ვერცერთ ფაქტს ვერ ნახავთ. დღეს ეს იმიტომ ხდება, რომ მთლიანად მოშიშვლებულია საგარეო ასპარეზზე საქართველოს საკითხი. სჯობს სესიაშვილმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ მისი მთავარი საზრუნავია ჩაასხამს თუ არა აუზში წყალს. ჩვენსა და მათ შორის ეს განსხვავებაა, რომ ჩვენ ჯერ ქვეყანას ვაყენებთ წინ და შემდგომ პირადს, იმათთვის ქვეყანა მეათეხარისხოვანია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.