ზაზა სარალიძე - ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ აქაურობას, რათა ხვალ თქვენ არ იყოთ შემდეგი

სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილა თურმე ამ კარვებში რა დევს,- ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის თქმითაც, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას იმიტომ არ აძლევდნენ, რომ კარავში შესაძლოა, „კანონსაწინააღმდეგო ნივთი შეიტანონ“.

სარალიძის თქმით, ხელისუფლებას მისი და მისი ოჯახის განადგურება აქვს გადაწყვეტილი.

„შესაძლოა, საპატრულო პოლიციის უფროსის კაბინეტში ბომბი იდოს ახლა; შესაძლოა, ვიღაცამ გაიაროს ივანიშვილის სახლთან და თავი აიფეთქოს; ყველაფერი შესაძლებელია ამ ქვეყანაზე. შესაძლოა, ჩემი შვილი 20-მა კაცმა მოკლა. რატო არ იძიებენ მაშინ? შესაძლებლობას ნუ უშვებს ეგ საცოდავი. მაგ უაზრო ქმედებებით ვერავის ვეღარ დააჯერებს. მოიტანოს ნორმალური დოკუმენტი, რის საფუძველზე მიკრძალავს კარვების დადგმას და გავიწევი გვერდზე. სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილა თურმე ამ კარვებში რა დევს. ამათ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. ჩემი შვილის მკვლელები პასუხისგებაში რომ მისცენ, დაიშლებიან თუ რა მოუვათ, არ ვიცი. ეს არის ბოლო შანსი იმის, რომ მე და ჩემი ოჯახი გაგვანადგურონ და ხმა ვერ ამოიღოს ვერავინ, მაგრამ ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩვენ კიდეც რომ გაგვანადგურონ, ქართველი ხალხი ჩემი შვილის საქმეს ბოლომდე მოიყვანს. მთელ საქართველოს მივმართავ, ვისაც სწყურია, რომ სამართალმა იზეიმოს, დავდგეთ ერთად. ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ აქაურობას, რათა ხვალ თქვენ არ იყოთ შემდეგი,"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე ინგოროყვას კლინიკიდან მივიდა. კლინიკაში სარალიძე და მისი დედა თითქმის 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე კარვების დადგმის გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს