პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსს ოთხი გამარჯვებული ჰყავს

პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსს ოთხი გამარჯვებული ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს, პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“-ის დასკვნით ღონისძიებაზე, გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საუკეთესო სტუდენტად თამარ გოგრიჭიანი დასახელდა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი ია მოსაშვილმა მოიპოვა. რაც შეეხება 2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ამ ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმა” გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად საქართველოს რკინიგზა დასახელდა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო არაერთი ფორუმი თუ ღია კარის დღე, რომლის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა.

„პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

გალა–დაჯილდოებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზი გადასცა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, რომელიც აღნიშნული ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო. გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შექმნილი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან გერმანიაში, სადაც გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას თავიანთ სპეციალობებში და დაესწრებიან ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს პროფესიული განათლების გამოფენას - ,,Didacta, the Education Trade Fair-ს“.

კვირეულის ფარგლებში, მოეწყო „ღია კარის დღეები“ ათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ახალი პროფესიული პროგრამები. 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით, დაფინანსდა ათი საგანმანათლებლო სასწავლებელი, სადაც შეიქმნა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი პროფესიული პროგრამა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო სიმულატორებით. „ღია კარის“ დღეებზე დასწრება და ინფორმაციის მიღება თავისუფალი იყო.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეორედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნესპარტნიორების წარმატებული ისტორიების წარმოჩენა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერაა დაფინანსებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი