ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს

დღეს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს, რომელიც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში 5 ნოემბერს წარადგინა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 268 მლნ ლარით. ასიგნებები აღწევს 12 მლრდ 997 მლნ ლარს.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ძირითადი პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმდა. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 4,5%-ს შეადგენს; მშპ-ს დეფლატორი - 3,5%; ინფლაცია - 3,0%; საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 357.0 მლნ ლარით, მათ შორის: გადასახადები - 80 მლნ ლარით; გრანტები - 102 მლნ ლარით, ძირითადად ევროკავაშირთან არსებული საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში; კრედიტები - 145 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება 90 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 268.0 მლნ ლარით. მათ შორის, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) - 70 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის - 92 მლნ ლარი; საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას ემატება 10 მლნ ლარი და ჯამურად ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.

იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისათვის გაიხარჯება 40 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით, მათ შორის, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 10 მლნ ლარი.

იხილეთ ვიდეო: ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს