ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2018

"ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ბილბორდებიდანაც გადამალა

"აუცილებლად მოხდება ახალ-ახალი ტრაგედიები" - სპეციალისტები გაზის ქსელზე

"ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ბილბორდებიდანაც გადამალა

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიიდან გადამალვის ოპერაციას აგრძელებს, პირველი ტურის შემდეგ ჯერ მედიასა და ამომრჩევლებს ჩამოაშორა და ახლა უკვე საარჩევნო ბილბორდებიდანაც გააქრო. თბილისში ოთხშაბათ დილით ახალი საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოებითა და მინაწერით: "სალომე ზურაბიშვილი 48". საარჩევნო ბილბორდებზე კი პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარიღაა დარჩენილი, რაც პოლიტოლოგებისთვის ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა და შეფასდა როგორც ერთგვარი სატირული პიარსტრატეგია. "შეთქმულების თეორიით თუ ახსნი ამას, რომ ავად სახსენებელ შკრიალოვს, რომელიც ვაშაძის შტაბის პიარტექნოლოგია, შეიძლება "ქართული ოცნების" შტაბში ჩანერგილი ჰყავს ვიღაც, ვინც ამ შტაბს პირდაპირ ხრამისკენ მიაქანებს. ეს იმდენად დიდი პაროდიაა, ამას პიარტექნოლოგიც არ სჭირდება. კანდიდატი საერთოდ გააქრო ბილბორდიდან და მის ნაცვლად სხვა იყოს ბანერზე, ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, არ მგონია, იყოს. ეს ქართული ნოუ-ჰაუა, შეიძლება გინესის წიგნში შესატანი ფაქტიცაა," - ამბობს გია ხუხაშვილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ბილბორდებიდანაც გადამალა

"თავად "ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. გუშინ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით გამოჩნდა დამწვრობის ცენტრში, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანები გადაიყვანეს და ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ არის ახალ საარჩევნო ბანერებზე გამოსახული, უპასუხა, რომ "აქ ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამეზეა მოსული". პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ წინასაარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია და ახალ ბილბორდებზეც გამოჩნდა. "თქვენ რა მიგაჩნიათ იმაში განსაკუთრებულად, რომ "ქართული ოცნება" როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც. სალომე ზურაბიშვილის ბანერები არ შეგიმჩნევიათ სხვაგან? არის ახალი ბანერები, არის სალომე ზურაბიშვილის ბანერებიც," - აღნიშნა ბახტაძემ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ზურაბიშვილმა პირველ ტურში ამოწურა თავისი რესურსი და ახლა მძიმე არტილერია - ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო აქტიურად, მოწოდებებითაც და ბილბორდებითაც. "გამიჭირდება თქმა, რამდენად წარმატებულია მაინცდამაინც ბილბორდებზე ცვლილება, თუმცა როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ "ოცნების" განაწყენებულ თუ გულგატეხილ ამომრჩეველს, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე და სახლში დარჩა, ამ რესურსს გაუწიონ მობილიზება და ამიტომ ახლა გამოუშვეს მძიმე არტილერია ივანიშვილის ხელმძღვანელობით. არ მგონია, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის ბილბორდი უფრო მომგებიანი იყოს, მაგრამ ეულად რომ არ დარჩენილიყო ივანიშვილი, გამოაჩინეს კობახიძეც და ამით "ოცნების" მხარდამჭერებს შეახსენეს, რომ მეორე ტურში არა ზურაბიშვილის, არამედ ივანიშვილის მხარდამჭერები უნდა იყვნენ და ხმა მისცენ 48-ს. ეს არის ჩადებული მთელ ამ კამპანიაში. ამ ერთ თვეში "ოცნება" რადიკალურად ვერაფერს შეცვლიდა და ეს სტრატეგია აირჩიეს, რომ მეტი ამომრჩეველი მიიყვანონ. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ არჩევანი იყოს არა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, არამედ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის," - ამბობს ძაბირაძე. მისი თქმით, აქ ერთი რამ არის საინტერესო, მართალია, თავიდანვე ფორმალური იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისუფალი თუ დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ ახლა თუნდაც ახალი ბილბორდებით ეს ფორმალურადაც გაქრა. "გასაგებია, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამას არავინ დაგიდევთ, ერთ ხმაზედაც კი მიდის დიდი ნადირობა," - დასძენს ძაბირაძე", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელმაც პირველი ტურის წინ "ოცნებას" რამდენჯერმე ერთგვარად რეკომენდაცია მისცა, სალომე ზურაბიშვილი გადაემალა, ახლა ერთგვარი ირონიით ამბობს, რომ მთლად ასე გადამალვაც არ ურჩევია. ხუხაშვილის თქმით, ბილბორდებზე ივანიშვილის ფოტოების გამოსახვა და გვერდით ქალის სახელისა და გვარის მიწერა ძალიან დიდი სატირააა. "მე ასეთი რამ არ მირჩევია, ეს სატირაა. თავი რომ გავანებოთ სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და ბილბორდების სხვა ფიგურანტებს, მარკეტინგული სიბრიყვეა, როდესაც ბილბორდებზე წერია ქალის სახელი და ფოტოზე კაცია გამოსახული. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს ქვეცნობიერზე მხოლოდ ნეგატიურად მოქმედებს და ამან არ შეიძლება დადებითი განწყობა შექმნას. გასაგებია იდეა რაშიც იყო, მათ დაგეგმეს, რომ გამოეყენებინათ, მათი შეხედულებით, ავტორიტეტები კანდიდატის შესაძლებლობების გასაზრდელად, მაგრამ ასე არ ხდება. ბილბორდებზე კანდიდატთან ერთად უნდა გამოეყვანათ ეს ავტორიტეტები რაღაც ფორმაში, თუ ერთად ფოტოს გადაღება ვერ მოახერხეს, დაემონტაჟებინათ მაინც. ამას არც უნდა დიდი სპეციალისტობა, უკიდურესი არაპროფესიონალიზმია," - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ქმნის საკუთარი ოპონენტებისთვის ძალიან დიდ სივრცეს პოლიტიკური სატირისთვის. "სატირა ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე კომპრომატი. არ ვიცი, ეს რატომ არ ესმით?! ყოველდღე ქმნიან საფუძველს, რომ მათი მოქმედებების პაროდირება მოხდეს. რატომ აკეთებენ ამას, რაციონალური არგუმენტებით ამის ახსნა არ შემიძლია. ერთადერთი, შეთქმულების თეორია შემიძლია განვავითარო, რომ ავად სახსენებელ შკლიაროვს, რომელიც ვაშაძის შტაბის პიარტექნოლოგია, შეიძლება "ქართული ოცნების" შტაბში ჩანერგილი ჰყავს ვიღაც, ვინც ამ შტაბს პირდაპირ ხრამისკენ მიაქანებს. ეს იმდენად დიდი პაროდიაა, ამას პიარტექნოლოგიც არ სჭირდება, კანდიდატი საერთოდ გააქრო ბილბორდიდან და მის ნაცვლად სხვა იყოს ბანერზე, ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, არ მგონია, იყოს. ეს ქართული ნოუ-ჰაუა, შეიძლება გინესის წიგნში შესატანი ფაქტიცაა," - წერს სტატიის ავტორი.

"აუცილებლად მოხდება ახალ-ახალი ტრაგედიები" - სპეციალისტები გაზის ქსელზე

“გაზის სისტემების გაუმართაობის გამო აფეთქების, დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველკვირეულად შუქდება. მდგომარეობა საგანგაშოა და მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ ამის მიზეზი გაზის მიწისქვეშა სისტემის გაუმართაობა და სისტემაში ოდორანტის არარსებობაა. აქედან გამომდინარე, მსხვერპლი კიდევ იქნება. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მუდმივად აქტიურდება გაზის სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. სახლებსა თუ საწარმოებში ძალიან გახშირდა აფეთქება და სამწუხარო შედეგითაც სრულდება. მიუხედავად ამისა, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. გუშინ, 15 ნოემბერს, დედაქალაქში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, გაზის აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა, დაშავებულია ოჯახის სამი წევრი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "აუცილებლად მოხდება ახალ-ახალი ტრაგედიები" - სპეციალისტები გაზის ქსელზე / ყველაფრის მიზეზი მიწისქვეშა სისტემის გაუმართაობა და სისტემაში ოდორანტის არარსებობაა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, "რეზონანსთან" იმ მდგომარეობას აფასებს, რაც თბილისის გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელშია და ამბობს, რომ მილებს ექსპლუატაციის ვადა, მინიმუმ, 2-ჯერ აქვს გასული, რაც, რასაკვირველია, იწვევს აფეთქებას. "ისეთ მდგომარეობაშია გაზის ქსელი, დროდადრო რომ არ აფეთქდეს, შეუძლებელია. საექსპლუატაციო ვადა, მინიმუმ, ორჯერ აქვს გასული ყველა მონაკვეთს, ზოგ ტერიტორიას კი - 4-ჯერაც კი. მილების ექსპლუატაციის ვადა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას აქვს სპეციალური, ელექტრო-ქიმიური დაცვა, არის, მაქსიმიმ, 30 წელი. დათვალეთ, რამდენჯერ 30 წელი გავიდა გასული საუკუნის 1959-იანი წლებიდან. მით უმეტეს, რომ ბოლო 40 წელი არავითარი ელექტროქიმიური და სხვა სახის დაცვა არ უტარდება ჩვენს ქსელს. ბუნებრივი აირის ქსელს აქვს ოქროს წესი და ამის გარეშე შეუძლებელია. საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და ამ პირობებშიც კი ერთი საექსპლუატაციო ვადა რომ კარგად იმუშაოს, ესეც ძალიან საეჭვოა. ენერგომომარაგების სახეობებს შორის ყველაზე საფრთხის შემცველი გაზმომარაგებაა და ამიტომაც უსაფრთხოების წესები არის უპირველესი", - აღნიშნავს გამოცემა.

"უცხოური სადისტრიბუციო კომპანიის წესდება რომ ნახოთ, გარკვევით წერია, რომ გაზის უსაფრთხო და უწყვეტი მიწოდებაა უმთავრესი მიზანი და სწორედ ამის შემდეგაა კომერცია და ფასები. ჩვენთან, პირიქით, პრიორიტეტია საფასო პოლიტიკა. საქმე ისაა, რომ კომპანიას ამის უფლებას აძლევს სახელმწიფო, რომელმაც 2008 წელს გააუქმა ყველა ნორმა უსაფრთხოების შესახებ და სრულმა განუკითხაობამ დაისადგურა ტექნიკურ დარგებში. ეს რაღაც დოზით დღემდე ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის გაზაფხულზე მიღებული ეს ნორმა შეიცვალა, ახალი და ქმედითი კანონმდებლობა დღემდე არ არსებობს", - განუცხადა "რეზონანსს" სიმონიშვილმა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ თუ სასწრაფოდ ქსელის რეაბილიტაცია არ მოხდება, ტრაგედიები მუდმივ სახეს მიიღებს, რაც, დროის გასვლასთან ერთად, შეუქცევადი პროცესი გახდება. "ჯერ კიდევ კომპანია ადგენს შინაგანაწესით მოთხოვნებს, რომელიც უნდა შეასრულოს უსაფრთხოებასთან და ყველაფერ დანარჩენთან მიმართებით. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ აფეთქებასა და მსხვერპლზე, რაც ყოველწლიურად მატულობს, არ დგება პასუხისმგებლობა. გაიხსენეთ, რამდენი პირი მიეცა პასუხისგებაში და აგო თუ არა ვინმემ პასუხი? მე გეტყვით დანამდვილებით - არც ერთი!", - განაგრძობს გამოცემა.

"პრობლემა არის კანონმდებლობა და არა კომპანია ან იქ მომუშავე ხალხი, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხისმგებლობით. დღემდე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირი ითხოვს, რომ მიეხედოს გაზმომარაგების ქსელს, რასაც, რასაკვირველია, არავინ ისმენს. ასეული კილომეტრი მიწისქვეშა კომუნაკაციებისა უკვე გასაახლებელია. ამას სჭირდება სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია და შეცვლა. მაგალითისთვის, როცა "თელასი" გაიყიდა და იყიდეს ამერიკელებმა, რეაბილიტაციაში ჩადეს 350 მლნ დოლარი, რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სამი ამდენია საჭირო მიწისქვეშა გაზმომარაგების ქსელის უსაფრთხო სტანდარტებამდე მიყვანისათვის. არ ვიცი, ახალ ინვესტორს რა მოსთხოვეს და რა პირობებით ჩააბარეს თბილისის გაზმომარაგება, მაგრამ ფაქტია, თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა და არ შეიცვალა მიწისქვეშა ქსელი, კვლავ ვიქნებით ახალ-ახალი ტრაგედიების მოწმე", - აცხადებს სიმონიშვილი "რეზონანსთან", - დასძენს გამოცემა.

"ინჟინერი, აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე აფეთქების მიზეზად ერთი ქსელით მომარაგებულ გაზგასამართ სადგურებსა და მოსახლეობას მიიჩნევს. მისი თქმით, ამის გამო არ ემატება ნივთიერება ოდორანტი ბუნებრივ აირს და მას სუნი საერთოდ არ აქვს. "აფეთქების პირველი და უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ოდორანტი არ ემატება გაზს. ეს არის ნივთიერება, რომელსაც აქვს მძაფრი სუნი და გაჟონვის შემთხვევაში ადამიანი ადვილად ხვდება, რომ საფრთხეშია. მეორე პრობლემა არის არაპროფესიონალური მონტაჟი და ასევე, ზედამხედველობის გარეშე დატოვებული ქსელი. არ მოწმდება ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხლებლები. მთავარი მიზეზი, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობ, არის ოდორანტის არარსებობა. მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი გზით მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში იმ შემთხვევაში, ოდორანტი მთელ სისტემას რომ დაემატოს. ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე "იდგა" და ისე იყო, როგორც სტანდარტია, დღეს დასვეს ერთ ქსელზე. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტები და რეგულაციის არარსებობაა მიზეზი იმისა, რომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა ლამის ყოველდღიურობად იქცა", - აცხადებს სიმონ ბარამიძე "რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა