კითხვები ჩნდება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის დროის გახანგრძლივებაზე და საინტერესო იქნება ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ორგანიზაცია აპირებს, სასამართლოს მიმართოს ცესკოს იმ გადაწყვეტილების გასაუქმებლად, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის დრო, ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.
ნინო ლომჯარიას თქმით, „ყველაფერი სასამართლოზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა განმარტოს, რამდენად შეეძლო ცესკოს, რომ კანონისგან განსხვავებული წესი დაედგინა“.
„კანონი არეგულირებს საარჩევნო პროცედურებს, მათ შორის კენჭისყრის მიმდინარეობის დაწყების და დასრულების ვადებს, რაც ცალსახად გვაქვს კანონში გაწერილი. ამიტომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს. ყველაფერი სასამართლოზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა განმარტოს, რამდენად შეეძლო ცესკოს, რომ კანონისგან განსხვავებული წესი დაედგინა. ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. კითხვები ჩნდება და საინტერესო იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ლომჯარიამ.