თინა ხიდაშელი - აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული საკითხი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური სარგებელი ნახონ

აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული საკითხი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლო სამხედროებს პასუხისგებაში არ მისცემს, რადგან მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამასთან, ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული საკითხი სასამართლომდე მივა თუ არა, არავინ იცის.

„მთელი ეს აჟიოტაჟი არის სრულიად ხელოვნურად შექმნილი და სავარაუდოდ, დიახ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკური სარგებლის ნახვის მიზნით. ხელოვნურად არის შექმნილი იმიტომ, რომ არათუ შეიძლება, ვინმეს პასუხისგების საკითხზე ვისაუბროთ საჯაროდ და სამი დღის განმავლობაში ამხელა ამბავი გვქონდეს, არამედ საქმე სასამართლომდე მივა თუ არა, ესეც კი არავინ იცის. ეს არის პირველი, რაც ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ამ თემაზე ნერვიულობს და სრულიად საფუძვლიანად, იმ აჟიოტაჟიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა. საქმე მხოლოდ გამოძიების ეტაპზეა, ის პროკურორის ოფისშია, აქედან არსად გასულა და სასამართლოში გადაეცემა თუ არა, ეს ჯერ არავინ იცის, ამაზეც კი არ არის გადაწყვეტილება მიღებული.

მე მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განსასჯელის სკამზე საქართველოს რომელიმე მოქალაქე აღმოჩნდეს. ამას ვამბობ არა როგორც უბრალოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ქვეყანაზე გული შემტკივა და ემოციის ზეწოლის ქვეშ ვარ აგვისტოს ომიდან გამომდინარე, არამედ ამას ვამბობ როგორც იურისტი, რომელსაც ჩემი ცხოვრების ბევრი წელი სწორედ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან მუშაობაში მაქვს დახარჯული. ხაზგასმით ვამბობ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ ისეთი ტიპის დანაშაულზე ისაუბრებდა, რომელიც ჰააგის სასამართლოს მხრიდან განსჯადობის საკითხი იქნება, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა არსებობს, რომელიც ჰააგის სასამართლოში საქმემ უნდა დააკმაყოფილოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები ჰააგის განსასჯელის სკამზე ვერ აღმოჩნდებიან, არის დანაშაულის სიმძიმის ხარისხი და ამ სიმძიმის შეფასებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები არსებობს. აგვისტოს ომის დროს ჩვენ არც ერთი დანაშაული არ ჩაგვიდენია. არავითარი საფუძველი ამის არ არსებობს. ერთადერთ შემთხვევაში, როცა შეიძლება ეს მოხდეს, არის ქართული მხარე თუ რამეს გააყალბებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაც მე გამოვრიცხავ, რასაც არ უნდა ვფიქრობდე თეა წულუკიანზე, როგორც იუსტიციის მინისტრზე, რომელმაც სასამართლოს რეფორმა დაასამარა“, - აღნიშნა მან.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ჰააგის სასამართლოში არც საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. „ეს არ არის პოლიტიკური სასამართლო, რომელიც ვიღაცას გაასამართლებს პოლიტიკური გადაცდომების ან არასწორი გადაწყვეტილებისთვის. ჰააგის სასამართლოში თქვენ უნდა დაგიმტკიცონ, რომ კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინეთ, დაარღვიეთ ომის სამართლის წესები, ჰუმანურობის აქტს გასცდით და ა.შ. მიხეილ სააკაშვილს რომ ცხინვალში ან ოსების ეთნიკურ წმენდაზე, იგივე გენოციდის მოწყობაზე გაეცა ბრძანება, არც კი მჯერა, რომ მასზე რამე კარგს ვამბობ, მაშინ შეიძლებოდა ამაზე გვესაუბრა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო: "აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული საკითხი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია" - თინა ხიდაშელი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა