ლევან დავითაშვილი ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში – „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით", მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა სახეობების აღდგენის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება ველური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ადამიანის აქტივობის ზემოქმედებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნება ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. ერთი ქვეყნის ძალისხმევა ვერ უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების სათანადო დაცვას, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი გაფართოვდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. დღეისათვის, საქართველოში დაცული ტერიტორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძირითად ეკოსისტემებს მოიცავს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა ლევან დავითაშვილს საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ არაერთი საერთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში, ისტორიული განვითარების არეალში, ქურციკების აღდგენის პროექტზეც იმსჯელეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ქურციკების რაოდენობა გაზრდილია.

კონფერენცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციას აზერბაიჯანის გარემოს დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა