რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძის დაპირებები, რომ უცხოელ მოსამართლეებს ჩამოიყვანს და კოალიციურ მთავრობას შექმნის, უცოდინრობაზე გათვლილი წინადადებებია

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში უცხოელ მოსამართლეებს ჩამოიყვანს და საქართველოში კოალიციურ მთავრობას შექმნის, უცოდინრობაზე გათვლილი წინადადებებია. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ექსპერტის შეფასებით, თავის მხრივ, უცოდინრობაზე გათვლილი წინადადებები არის ტყუილი.

„შეიძლება ჩამოიყვანოს მოსამართლეები უცხოეთიდან და აუნაზღაუროს ჩამოსვლა ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ სასამართლო სისტემაში მათი ადგილის გაჩენას რა თქმა უნდა პრეზიდენტი ვერ შეძლებს. ეს კანონმდებლების საქმეა. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შექმნას, პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციის მიხედვით მთავრობას საერთოდ ვერ ქმნის, ესეც პარლამენტის საქმეა. ამომრჩეველი, რომელსაც მოეწონება ეს წინადადებები და ალბათ ბევრისთვის მოსაწონი იქნება, იტყვის აი, რა კარგი იქნებაო, მოეწონება იდეა და შემოხაზავს მას. კონსტიტუცია ძალიან ცოტამ იცის, შესაბამისად ძალიან ცოტამ იცის, ამ წინადადებების შესრულება შესაძლებელია თუ არა. უცოდინრობაზე გათვლილი იდეაა ეს და უცოდინრობაზე გათვლილი წინადადება უხეშად რომ ვთქვათ, არის ტყუილი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს