ზაალ ანჯაფარიძე - გრიგოლ ვაშაძის ინიციატივები არის წმინდა წყლის პოპულიზმი და მიხეილ სააკაშვილის იდეების გადმომღერება

ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და მიხეილ სააკაშვილის იდეების გადმომღერება, - ასე აფასებს პოლიტიკის ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შექმნის კოალიციურ მთავრობას, ჩამოაყალიბებს ანტიკორუფციულ ბიუროს და ჩამოიყვანს უცხოელ მოსამართლეებს.

როგორც ანჯაფარიძე ამბობს, ამ დაპირებებით ვაშაძე საზოგადოებას ატყუებს, რადგან არცერთი საკითხის მოგვარება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ შედის.

„ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძე იმეორებს იმას, რაც გარკვეული ხნის წინ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ეს სააკაშვილის იდეა იყო, რომ საქართველოში ჩამოეყვანა უცხოელი მოსამართლეები და მათი მეშვეობით დაემყარებინა აქ სამართალი და ეფექტური მართლმსაჯულება. გარდა ამისა, სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მოთხოვნით მართავდა სააკაშვილი კიევში მეიდანზე მიტინგებს და ამას ედავებოდა პოროშენკოს. ფაქტობრივად, ვაშაძის განცხადებები არის სააკაშვილის იდეების გადმომღერება. რამდენად არის ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ან უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ეს ცალკე საკითხია. წავიკითხოთ ახალი კონსტიტუცია - ეს არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. შესაბამისად, ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და სააკაშვილის იდეების გადმომღერება. ის ფაქტობრივად ატყუებს ამომრჩეველს, რადგან მას ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეიცვლება. ამ მოცემულობით, თუ ვაშაძე იქნება პრეზიდენტი, მთავრობის სათავეში და პარლამენტში იქნება „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ამას ვაშაძე როგორ გააკეთებს წარმოუდგენელია“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ანჯაფარიძე ამბობს, რომ არც კოალიციური მთავრობის შექმნა შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებებში.

„მისი ეს განცხადებები თავის თავში შეიცავს იმის ფარულ მუქარას, რომ შეასრულებს დანაპირებს, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში შეეცდება ქუჩაში გამოიყვანოს ხალხი, მოაწყოს მიტინგები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და წარმატების შემთხვევაში, ალბათ, მოხდება რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ჩამოყალიბება. მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ კოალიციური მთავრობის მთავარი ვიოლინო იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მის შემადგენლობაში კი იქნებიან ამ პარტიის სატელიტი პარტიები. ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივაზე არის სწორედ ორიენტირებული ბატონი ვაშაძე და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მას გვერდით უდგანან. მიდის სამზადისი იქეთკენ, რომ გამოსვლები დაიწყონ, წინასწარ აანონსებენ არჩევნების გაყალბებას, რომ ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნას, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო წრეებში“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება, საქართველოში შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო და ჩამოიყვანს უცხოელ მოსამართლეებს; სასამართლოში იქნება ადამიანის უფლებების პალატა. გარდა ამისა, ვაშაძე მისი გაპრეზიდენტების შემთხვევში, კოალიციური მთავრობის შექმნას აანონსებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის