თელავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით.
„რაიონული სამსახურის 70-მდე თანამშრომლისთვის ადგილზე სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი. გამოყოფილია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალის განსათავსებელი და ტექნიკური ოთახებისთვის. გარე პერიმეტრი კი, სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერისა და ახალციხის რაიონული სამსახურები.