ვახო ხუზმიაშვილი - „იბერიას“ დამფუძნებლები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ - ჩვენ ვიბრძოლეთ, ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდით და მადლობაც არავინ გვითხრა

ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ, ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდით და მადლობაც არავინ გვითხრა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს მადლობაც კი არ გადაუხადა.

„მე დაახლოებით თვენახევარია ვიყენებ აბსოლუტურ პაუზას. მინდოდა, რომ ჩემი მხრიდან არანაირი განცხადება არ ყოფილიყო გაკეთებული და ბოლომდე დავლოდებოდი ყველანაირ ფორმალობას. თვენახევარია ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახები, ყველას გვყავს დედა, შვილი, მამა და ჟურნალისტებიც ისეთი ადამიანები არიან, როგორც სხვები. ეს ადამიანები ქუჩაში არიან დარჩენილები. ყველას აქვს კრედიტი, ყველა ადამიანს აქვს ვალდებულებები. რატომღაც ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, საკმარისი ფინანსები თუ არ ჰქონდათ, ვინმესთვის მადლობა მაინც ეთქვათ იმის გამო, რასაც ტელეკომპანია „იბერიაში“ მომუშავე ჟურნალისტები აკეთებდნენ. მგონია, რომ „იბერიას“ ჟურნალისტები იმსახურებდნენ ხელმძღვანელობისგან და დამფუძნებლებისგან ელემენტარულ მადლობას. როდესაც გაჩერდა „იბერია“, იმ დღეს თანამშრომლებს არავინ შეხვდა, მეორე დღეს, შეხვედრაზე ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ „იბერიას“ თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართათ. მაშინაც ჩავთვალე და დღესაც მგონია, რომ ესაა ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა ფული ხელისუფლებას არ უნდა მოსთხოვონ. ჟურნალისტებს გადასახადები უნდა გადაუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც ისინი დაიქირავეს. მგონია, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ „იბერიას“ დამფუძნებლები. ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ, ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდით და მადლობაც არავინ გვითხრა“, - განაცხადა ხუზმიაშვილმა.

როგორც ხუზმიაშვილმა აღნიშნა, თანამშრომლებს სარჩელი აქვთ შეტანილი და მათ ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

„მე პირადად არანაირი სარჩელი არ მაქვს შეტანილი, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ტექნიკურ პერსონალს, რამდენადაც ვიცი, სარჩელი აქვთ შეტანილი. საია არის ჩართული და ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ. ტელეკომპანია „იბერიას“ ხელმძღვანელობას მოუწევს გადასახადების გადახდა, როდის არ ვიცი, თუმცა, ნამდვილად მოუწევს“, - განაცხადა ხუზმიაშვილმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ჟურნალისტებს ვახო ხუზმიაშვილი აქეზებს.

„ნატო ჩხეიძემ „ფეისბუქზე“განცხადება გაავრცელა, თითქოს მე ვაქეზებ ჟურნალისტებს, რომ ტელეკომპანია „იბერიასთან“ საპროტესტო აქციები გამართონ. ალბათ მას ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტებზე. ყველამ იცის, რომ ერთი სიტყვაც არავისთვის მითქვამს, რომ ვინმეს ეჩივლა ან არ ეჩივლა. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება“, - განაცხადა ხუზმიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ, ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდით" - ვახო ხუზმიაშვილი "იბერიას" დამფუძნებლების შესახებ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა