ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2018

"ნაციონალებზე" გაბრაზებული და "ოცნებაზე" გულგატეხილი" საქართველო ხვალ პრეზიდენტს აირჩევს

"უკრაინის 300-ათასიანი არმია შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს“ - ჩიტაძე

კლინიკების უმრავლესობას მეორადი და ჩამოწერილი აპარატურა აქვს

"ნაციონალებზე" გაბრაზებული და "ოცნებაზე" გულგატეხილი" საქართველო ხვალ პრეზიდენტს აირჩევს

“არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღლა იწევს - შესაბამისად, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები პიკს აღწევს. როგორც კვლევების მიხედვით ჩანს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი მეორე ტურისთვის უფრო მობილიზებული გახდა და ზურაბიშვილსაც ამომრჩეველი მოემატა. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება მასობრივი გაყალბებებისთვის ემზადება და ამომრჩევლის ზრდაც ხელოვნურად არის გამოწვეული. მათი თქმით, კვლევებით და გაბერილი ახალი სიებით, მმართველი გუნდი საზოგადოებას აჩვევს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციის პროტესტი გაუმართლებელი იყოს. ამ დღეებში ორი ტელეკომპანიის მიერ ორი კვლევა გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მონაცემები ერთმანეთისგან პროცენტულად განსხვავდება, ორივე მათგანში ზურაბიშვილის ამომრჩეველი უფრო მეტი ჩანს, ვიდრე პირველ ტურამდე იყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ნაციონალებზე" გაბრაზებული და "ოცნებაზე" გულგატეხილი" საქართველო ხვალ პრეზიდენტს აირჩევს.

"ტელეკომპანია "იმედის" მიერ დაკვეთილი კვლევის მონაცემების მიხედვით, ზურაბიშვილის რეიტინგი 28%-ია, ხოლო ვაშაძის - 26%. ცდომილების ზღვარი %/-2 პროცენტია. მანამდე, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაშაძის რეიტინგი 38% იყო, ხოლო ზურაბიშვილის - 34%. ცდომილების ზღვარი %/-3 პროცენტი. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, მართალია, "დროში ძალიან გაცვდა "ნაციონალური მოძრაობის" საფრთხობელის იმიჯი და ის აღარ მუშაობს", "ქართული ოცნება" მაინც შეძლებს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის სწორედ ამ ნიშნით მიყვანას მეორე ტურზე. მათი აზრით, გააქტიურდება ის ამომრჩეველი, რომელიც ლოიალურია "ქართული ოცნების" მიმართ, მაგრამ არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილი. ახლა კი ეს კატეგორია წავა არჩევნებზე, რათა "ქართული ოცნების" ძალაუფლება გადაარჩინოს. რამდენად აჭარბებს ამ კატეგორიის ამომრჩეველი "ქართული ოცნების" მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის სათვალავშია, მათი აზრით, რთული სათქმელია, ამას არჩევნების შედეგი გვიჩვენებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის შანსს, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის მომხრეთა გააქტიურება არჩევნების მეორე ტურში რეალურია და სხვადასხვა პარტიის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის სათვალავში შედის. მათი აზრით, მნიშვნელოვანია ყოველი პროცენტი და ამ პროცენტების ჯამი. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს მეორე ტურში, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა. თუ პირველ ტურში 3 518 877 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მეორე ტურში სიაში 9 781 ადამიანით მეტი, 3 528 658 ადამიანია შესული. ცესკო-ში აცხადებენ, რომ სია საბოლოოა და მასში ცვლილება აღარ შევა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდას რამდენიმე მიზეზით ხსნიან: ახალ სიაში არიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც 28 ნოემბრის ჩათვლით 18 წელი შეუსრულდებათ; გარდაცვლილები, რომლებიც შესაბამისად გამოაკლდნენ ამომრჩეველთა სიას; საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლები; ის პირები, რომლებსაც პირველი ტურისთვის პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ, პირველ ტურთან შედარებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ 134-ით მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 579-ით არის გაზრდილი, ისნის საარჩევნო ოლქში - 507-ით, სამგორში - 583-ით, გლდანში - 656-ით, გორში - 307-ით, ქუთაისში - 230-ით, ბათუმში - 553-ით, საზღვარგარეთ - 134-ით“, - განაგრძობს გამოცემა.

"არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სიებში ამომრჩევლის რაოდენობის ზრდას სწავლობენ. მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ასევე, "ყალბი პირადობების" სკანდალი აგორდა. 20 ნოემბერს სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია ყალბი პირადობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. "საიას", "სამართლიანი არჩევნებისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის. პროკურატურამ განაცხადა, რომ ყალბი პირადობების დამზადების მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა არასამთავრობოებმა მათ ინფორმაციის წყაროს თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მიაწოდეს. სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრალდება უარყო, ხოლო იუსტიციის მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე განაცხადა, რომ არასამთავრობოები "ტყუილში იქნენ გამოჭერილები", - დასძენს გამოცემა.

"სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლის ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ერთ-ერთი მიზეზი ასეთია: ამომრჩევლის ნაწილმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ზურაბიშვილი, როგორც "ოცნების" კანდიდატი, მაინც გაიმარჯვებდა, არჩევნებზე წასვლით თავი არ შეიწუხა, ხოლო როდესაც ნახა, რომ ვერ გაიმარჯვა, არჩევნებზე წასვლა გადაწყვიტა. მათი მთავარი მოტივაცია კი "ნაციონალების" მიმართ ანტაგონისტური განწყობაა."ზურაბიშვილის ძალიან ბევრი ამომრჩეველი "ნაციონალების" პრინციპულმა მიუღებლობამ გაააქტიურა. ასევე, არიან "ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ზურაბიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა როდესაც დაინახეს, რომ მას სირთულეები შეექმნა, გააქტიურდნენ. მათ ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათია უკან გადაწიეს და წინა პლანზე "ოცნების" მიმართ ლოიალობა დააყენეს."ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც მმართველმა გუნდმა ზურაბიშვილი ბანერებიდან ჩამოხსნა და საკუთარი ლიდერების ბანერები გააკრა. "რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატის შანსს, ვაშაძეს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმებიც მიემატება, ასევე, იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ არჩევნებში წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც მმართველი გუნდი თავის კანდიდატს მაინც გაიყვანდა. "მეორე ტურმა მათ დაანახა, რომ ეს მითი მცდარია და ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. ეს არის ხალხი, რომელსაც ხელისუფლების კონტროლი ოპოზიციური კანდიდატის არჩევის მეშვეობით სურს. ანუ ადამიანები, რომლებიც წმინდა პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებენ და მათთვის პარტიული კუთვნილება არაფერს ნიშნავს", - აცხადებს კაჭკაჭიშვილი "რეზონანსთან", - წერს გამოცემა.

"პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ნაციონალებზე" მოსახლეობა გაბრაზებულია, "ოცნებაზე" კი გულგატეხილი. შესაბამისად, ამ არჩევნების მთავარი გარდამტეხი ფაქტორიც ეს გარემოება იქნება. მისი აზრით, ზურაბიშვილს ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედაც რომ "ნაციონალების" წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ამ პარტიის რეაბილიტაცია მიუღებელია. ასევე, თავად მმართველი გუნდის ამომრჩევლის მობილიზებაც ხდება, რომლებიც პირველ ტურში სახლში დარჩნენ და იფიქრეს, რომ ზურაბიშვილი მათ გარეშეც გაიმარჯვებდა. "ნაციონალების" მიმართ საზოგადოებაში აგრესია იმდენად დიდია, რომ მიუხედავად "ოცნებისა" და ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათიისა, მაინც ურჩევნიათ, რომ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს. "ე.წ. შუა ამომრჩეველი, რომელიც ორივე პოლიტიკურ პარტიაზე განაწყენებულია, არჩევანს მაინც ზურაბიშვილზე შეაჩერებს. მათი არჩევანი გაბრაზებულსა და გულნატკენს შორის იქნება. "ნაციონალებზე" მოსახლეობის დიდი ნაწილი გაბრაზებულია, "ოცნებაზე" კი - გულნატკენი", - წერს სტატიის ავტორი.

"უკრაინის 300-ათასიანი არმია შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს“ - ჩიტაძე

"უკრაინა შეძლებს რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან მას 300 ათასიანი არმია ჰყავს. თუ ქერჩის სრუტეზე გასასვლელს უკრაინა დაკარგავს, დიდი პრობლემა შეექმნება, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის. „უკრაინა იძულებული იქნება რუსეთს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს. უკრაინა იბრძოლებს იმისთვის, რომ არ დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეზღუდება საზღვაო კავშირების გზით გარე სამყაროსთან თანამშრომლობის განვითარება," - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას. რუსეთმა უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და მის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რაც შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "უკრაინის 300-ათასიანი არმია შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს“ - ჩიტაძე

"ნიკა ჩიტაძის თქმით, არსებობს პესიმისტური სცენარი, - განხორციელდეს კონფლიქტის მეტი ესკალაცია. უკრაინამ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში რუსეთს წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს რუსეთთან შეერთებას უჭერდა. თუკი დასავლეთი რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე პოზიციას გამოავლენს, - განაცხადებს, რომ შესაძლებელია სანქციების კიდევ უფრო გაძლიერება, ან დასავლეთ უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებას განიხილავს, კერძოდ კი, ნატო, შესაძლებელია ამ შემთხვევაში რუსეთმა უკან დაიხიოს და დასავლეთის პოზიცია გაითვალისწინოს. რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა გახლავთ, მათ შორის 1982 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციის საზღვაო სამართლის შესახებ ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაც, რადგან უკრაინის სამხედრო ხომალდები საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, რუსეთსა და უკრაინას შორის 2003 წლის შეთანხმება არსებობს, - ქერჩის სრუტეში, როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულების მცურავი საშუალებების შეუფერხებელი და შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩიტაძის თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ზრახვები. რუსეთს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ სწორედ ის არის შავი ზღვის აკვატორიაში მდგომარეობის ბატონ-პატრონი. შემთხვევითი არაა, რომ ყირიმში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 32 ათასამდე გაიზარდა, 2014-2018 წლამდე პერიოდს ვგულისხმობ. რუსეთის მიზანია ერთი მხრივ კუნთები ათამაშოს და გამოაჩინოს თავი, რომ თვითონ არის ბატონ-ბატრონი. მეორე მხრივ, რუსეთის მიზანი ყურადღების გადატანაა რუსეთში არსებული ვითარებიდან, როდესაც პუტინის რეიტინგი 80%-დან 56%-მდე დაეცა. თუ ესკალაცია გაგრძელდა, შეტაკებებს უფრო ექნება ადგილი საზღვაო სივრცეში. თუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები იქნებიან კონფლიქტში ჩართული. შესაძლებელია პირიქით, - ვითარების დარეგულირება განხორციელდეს, თუ დასავლეთი ერთიან მტკიცე პოზიციას აჩვენებს რუსეთს“, - წერს სტატიის ავტორი.

კლინიკების უმრავლესობას მეორადი და ჩამოწერილი აპარატურა აქვს

"პაციენტისთვის სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობაზე რთულია. ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან საქართველოში ჩატარებულ კვლევებს და იძულებული არიან, სხვა ქვეყნების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაში მილიონობით ლარი იხარჯება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაინც დაბალია. რაც არ უნდა ვიტრაბახოთ, რომ სერვისი უმჯობესდება, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ხშირ შემთხვევაში მაღალი დონის კლინიკებშიც კი შეუძლებელია. მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ენდობა ადგილობრივ კვლევებს და დახმარებისთვის უცხოურ სამედიცინო კლინიკებს მიმართავს. ამაში ხალხი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. სამედიცინო მომსახურების შედარებით დაბალი ფასის გამო განსაკუთრებით მაღალია პაციენტების გადინება თურქეთსა და გერმანიაში, უკიდურეს შემთხვევაში კი - ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მკურნალობა გაცილებით დიდ თანხას უკავშირდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კლინიკების უმრავლესობას მეორადი და ჩამოწერილი აპარატურა აქვს / პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა საქართველოში სულ უფრო რთულდება

"ბუნებრივია, ადამიანები სწორი დიაგნოზის დასასმელად მიდიან უცხოეთში იმიტომ, რომ ადგილობრივ ლაბორატორიებს და ექიმებს არ ენდობიან. ელემენტარულად, პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რადგან ყველა ჩატარებული ანალიზის პასუხი სხვადასხვაა. საბოლოოდ მაინც, სწორი პასუხის მისაღებად საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა, ადამიანს აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა. დიაგნოსტირების მხრივ არსებულ პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ჯანდაცვის რეფორმამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა დიაგნოსტირებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი მოსაგვარებელია, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ზოიძე ბოლო დროის მიღწევებზე საუბრობს, მაგრამ ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ რჩება პრობლემები, რისი მოგვარებაც ვერ მოხერხდა. "ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უფრო მეტი ადამიანი მიდის. ეს ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდა ხელმისაწვდომობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მეტი პაციენტი იკეთებს ანალიზებს და მიდის უცხოეთში. ასეცაა, მაგრამ ვერ დავმალავ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ამას უნდა მოვუაროთ. ორი პრობლემაა ჯანდაცვის წინაშე: წამლების ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი როგორც დიაგნოსტირებაში, ისე სამეცნიერო კვლევებსა და პოსტოპერაციულ მკურნალობაში. ამისთვის ტარდება ძალიან დიდი რეფორმა, რომელიც აუცილებლად მოგვცემს შედეგს. ეს, პირველ რიგში, არის ექიმების განათლების დონის ამაღლება, მათი კვალიფიკაციის გადამოწმება, დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემის სტანდარტის ამაღლება და სხვა, ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით, რაც არსებულ ვითარებას ძირეულად შეცვლის. პრობლემა არის, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ეს საბჭოთა პერიოდიდან მოდის. აქამდე ჩვენ ფინანსური საკითხი გადავჭერით, მაგრამ გვჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სამედიცინო დიაგნოსტირებაზე კონტროლი, ზოიძემ ამომწურავად ვერ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებზე მეტად ქვეყანას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს. "პრობლემის მიუხედავად, მიჭირს თქმა, რომ სამედიცინო მომსახურების დაბალი დონეა, პირიქით, მეზობელი რეგიონებიდან საქართველოშიც კი ჩამოდიან მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მაგრამ რაღაც სფეროებია, სადაც სხვადასხვა პრობლემა გვხვდება. კარდიოქირურგია ქვეყანაში იმ დონეზეა განვითრებული, რომ არსად წასვლა არ გვჭირდება, მაგრამ სიმსივნის დიაგნოსტიკის მიმართულება, ძვლის ტვინის გადანერგვის საკითხები და სხვა, აქ მეტი უნდა შევძლოთ. ამისთვის უდიდესი ინვესტიციები უნდა კადრებსაც და ტექნოლოგიებსაც გაცილებით მაღალი დონის მომსახურების მისაღებად. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ხარისხი დაეცა, უბრალოდ, მეტი მოთხოვნა გაჩნდა და ეს საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება. პერსონალის კვალიფიკაციაა პრობლემა. პატარ-პატარა კლინიკა ბევრია, ხოლო კონცენტრაცია უფრო საუნივერსიტეტო ცენტრებში, დიდ კლინიკებში უნდა ხდებოდეს, რადგან პრაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უნდა ძლიერი ქირურგი იყოს, კარგი სპეციალისტი იყოს, თუკი ხშირი პრაქტიკა არ აქვს და შესაბამისი მოცულობის კვლევებს არ ატარებს, მაინც იკარგება. ამიტომ პატარ-პატარა კლინიკებში ამ მხრივ მეტი პრობლემაა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ჯანდაცვა გრძელვადიანი პროგრამაა, კონკრეტულ ვადაში გაწერილი. მას გეგმაზომიერად თუ მივყვებით, არა მარტო რეგიონში, ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეც შეიძლება გავხდეთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აკაკი ზოიძემ. თუ რატომ ვერ სვამენ ექიმები საქართველოში სწორ დიაგნოზს, ობიექტური და ძალიან საინტერესო პასუხი აქვს კომპანია "ერმედ-ჯორჯიას" დამფუძნებელ მერტ ჩალიქუშუს, რომელიც პრობლემის მიზეზად ტექნოლოგიების დაბალ დონეს მიიჩნევს. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა უკავშირდება ცალკეული კლანების ინტერესს, რომელთა მეშვეობითაც კლინიკებს სამედიცინო აპარატურა მიეწოდებათ. თურქი ბიზნესმენის ინფორმაციით, დაბალი კონკურენციის გამო ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის აპარატურით, რაც საბოლოოდ სამედიცინო კვლევების ხარისხზე აისახება. "სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ აქვს სამედიცინო დიაგნოსტიკაზე არანაირი კონტროლი დაწესებული. კანონში ხარისხთან მიმართებით არსებული მოთხოვნები ზოგადია და აპარატურის მომწოდებლებიც და ცალკეული კლინიკებიც გვერდს მას იოლად უვლიან. შედეგად კონკურენცია სამედიცინო ბაზარზე არის გაუმჭვირვალე, თამაშის წესები - ბინძური. არის კლინიკების ნაწილი, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობის გამო აქვთ სათანადო აპარატურა და სერვისი, მაგრამ არის ყველა დანარჩენი, სადაც ხარისხი დაბალია ან ნულის ტოლი. ამ დროს მომსახურების ფასები, ფაქტობრივად, ყველგან ერთნაირია. შესაბამისად, პაციენტისთვის ფასიც კი არ არის ინდიკატორი, რომ სანდო და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სერვისი ერთმანეთისგან განასხვაოს", - აცხადებს ჩალიქუშუ. მისი ინფორმაციით, მსოფლიოში სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების სულ 5 აღიარებული მწარმოებელია (მათ შორის "ებოტი" მოწინავეა) და მათ მთლიანი ბაზრის 70% უკავიათ, დანარჩენი 30% კი 1000-ზე მეტი სხვა მწარმოებლის სეგმენტია, რომელთა შორის არიან ისეთებიც, ხარისხი საერთოდ რომ არ ეზომებათ, თუმცა ფასიც დაბალი აქვთ და ეს ქართული კლინიკებისთვის საცდურია“, - დასძენს გამოცემა.

"კონკურენტზე 10-ჯერ იაფად იყიდი აპარატურას და მასალებს, მომსახურებას კი ისეთივე ფასს დაადებ... თითქოს მომგებიანია, თუმცა როდესაც პაციენტი თავის უფლებებში გაერკვევა და არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის გამო სასამართლოში მასობრივად გიჩივლებს, მიხვდები, რომ შეცდი და ადრე თუ გვიან ეს ეტაპიც დადგება. "ემედ-ჯორჯიას" გარდა, საქართველოში კიდევ მხოლოდ 1 კომპანიაა პრემიუმბრენდი ოფიციალურად - დანარჩენები ყველა, ამა თუ იმ ფორმით, სიყალბით არიან დაკავებული. მათ არ აქვთ ურთიერთობა მწარმოებლებთან, შესაბამისად, ნახულობენ მეორად, ჩამოწერილ ან საეჭვო კომპლექტაციის აპარატურას სხვა ბაზრებზე და შემოაქვთ საქართველოში. არ შეუძლიათ და არც იღებენ პასუხისმგებლობას ანალიზების შედეგების სანდოობაზე; ლეგალური კუთხით ეს უკანონოა. სამედიცინო აპარატურა, რომელიც შემოდის ბაზარზე, უნდა იყოს გამართული და ეს უნდა იყოს დადასტურებული. ამას გარდა, მათი დამონტაჟება უნდა უზრუნველყონ კვალიფიციურმა ინჟინრებმა და ექსპლუატაციის ტრენინგი ჩაუტარონ კლინიკის პერსონალს. უფრო მეტიც, ეს აპარატურა შემდეგ პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს, რომ მუდმივად გამართული იყოს, მაგრამ ამას არავინ უზრუნველყოფს", - აცხადებს მერტ ჩალიქუშუ. ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი პრობლემა სამედიცინო მომსახურების ხარისხია. როგორც "არდის" სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა ეკა ერგემლიძემ "კომერსანტს" განუცხადა, ქართველი პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ სწორედ ამ მიზეზით მიდიან. "საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაავადების დიაგნოსტიკა. ხშირ შემთხვევაში ხდება დიაგნოზის არასწორად დასმა (მცდარი დიაგნოზი), ჰიპერ დიაგნოსტიკა (რეალური სურათის გამწვავება) ან დიაგნოზის დასმის შეუძლებლობა. პრობლემაა ლაბორატორიების მუშაობის ხარისხიც. პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რომ არაფერი ვთქვათ მორფოლოგიურ კვლევებზე მძიმე შემთხვევებში, როცა საბოლოოდ მაინც საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა სწორი პასუხის მისაღებად. ხშირია, როცა სამედიცინო დაწესებულება შეიძენს აპარატურას, თუმცა მათი გამოყენება ვერ ხერხდება შესაბამისი ცოდნის ან პრაქტიკის მქონე ექიმის არარსებობის გამო. ვხვდებით პირიქით შემთხვევებს, ბევრი კვლევა, რომელიც მრავალი წელია, დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, არ ტარდება საქართველოში შესაბამისი აპარატურის არარსებობის გამო", - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა