დავით ბაქრაძე - საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც გვექნება კონსულტაციები, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან

არჩევნების პროცესი იყო მძიმე და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ამ ქვეყნის მომავლის წინაშე გვექნება შესაბამისი კონსულტაციები, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთანაც, -ასე ეხმაურება „ევროპული საქართველო“-ოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებს.

დავით ბაქრაძემ მოქალაქეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც დღეს მობრძანდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ეს გააკეთა გაზრდილი რისკის პირობებში, ვინაიდან სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციის და ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერა ნიშნავს ძალიან ბევრი პრობლემის შექმნას რიგითი ამომრჩევლისთვის. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, არ შეეშინდა ზეწოლის, არ დაექვემდებარა მოსყიდვას და გააკეთა ის, რაც მიაჩნდა სწორად მისი სინდისის და სამშობლოს მომავლისთვის. საარჩევნო პროცესი იყო ძალიან მძიმე და შეიცავდა ძალიან მძიმე დარღვევებს, განსაკუთრებით პირველიდან მეორე ტურამდე, როცა ხელისუფლებამ გამოიყენა მთელი არსენალი მეთოდების, როგორებიც იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, ქუჩის ელემენტების და კრიმინალის გამოყენება და ა.შ. ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის“,- აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ სამომავლო გეგმებს საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობს.

„რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების შეფასებას და პარტია „ევროპული საქართველოს“ სამომავლო გეგმებს, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ შექმნილ ვითარებაში რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას. ჩვენ დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს, დაველოდებით ცესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას. გვექნება კონსულტაციები მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან და აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას სამომავლო გეგმებზე. არჩევნების პროცესი იყო მძიმე და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ამ ქვეყნის მომავლის წინაშე გვექნება შესაბამისი კონსულტაციები, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთანაც“,- განაცხადა ბაქრაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს