პენიტენციური სამსახური - ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია, რაც სახალხო დამცველის წერილშიც აღნიშნულია

სახალხო დამცველის წერილში აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, ივანე მერაბიშვილს სპეციალისტების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ოპერატიულად უტარდებოდა და ამჟამადაც უტარდება. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კლინიკაში ყოფნის პერიოდში მერაბიშვილისთვის ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა ლიმფოციტების უმნიშვნელო მატება. თუმცა დამატებით გამოკვლევის ან/და მკურნალობის საჭიროების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა ექიმების მიერ. მიუხედავად ამისა პენიტენციური სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაზიარებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ და მისი შესრულება ამჟამად მიმდინარეობს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აცნობებს, რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეიმუშავა დასკნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია, და რომ სპეციალისტების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები მსჯავრდებულს ოპერატიულად უტარდებოდა.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი მოთავსებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“, სადაც 3 ოქტომბერს ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და დაისვა ერთობლივი დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი, რომლის გენეზიც, ექიმთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, იდიოპათიურია, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი გამოხატული პათოლოგია არ ვლინდება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება შესაძლო მწვავე და ქრონიკული სინუსიტის შედეგად გამოწვეული ჰორნერის სინდრომის შესახებ და დამატებით რეკომენდებულ იქნა ექსტრაკრანიალური არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევა რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა და პათოლოგია არ გამოვლინდა, ასევე გამოირიცხა ონკოლოგიური პათოლოგიის არსებობა.

იმავე პერიოდში კლინიკაში ჩატარდა ექიმ-ტოქსიკოლოგთა კონსილიუმიც. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების, სპეციალისტთა კონსულტაციების, მულტიპროფილური შემადგენლობის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის და სისხლში გამოკვლეული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცველობის გათვალისწინებით, არ დადასტურდა არც მწვავე და არც ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაცია. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით დამატებითი კვლევები საჭიროდ არ ჩაითვალა.

კლინიკაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულისთვის ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა ლიმფოციტების უმნიშვნელო მატება. ამასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკის ექიმების, ასევე კონსილიუმში მონაწილე ექიმ-სპეციალისტების მიერ დამატებით გამოკვლევის ან/და მკურნალობის საჭიროების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა. თუმცა, სახალხო დამცველმა, დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ლიმფოციტების დამატებითი კვლევა რეკომენდებულად მიიჩნია. მოცემული რეკომენდაცია გაზიარებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ და მისი შესრულება ამჟამად მიმდინარეობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა იუსტიციის მინისტრს მოუწოდა, რათა მსჯავრდებულს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი. ადვოკატის განცხადებით, სახალხო დამცველის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვანო მერაბიშვილის სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობა არის მომატებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან