ქართული პრესის მიმოხილვა 01.12.2018

სოსო ცინცაძე - “მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს”

შალვა შავგულიძე - “თავისუფალი დემოკრატები” ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით”

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N12, დეკემბერი) მიმოხილვა

* * *

სოსო ცინცაძე - “მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს”

"ქართული პოლიტიკის ახალი ეტაპი იწყება - ავტომატურად სალომე ზურაბიშვილი უკანა პლანზე გადავა - ჩატარდება ინაუგურაცია, შევა ორბელიანების სასახლეში და მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არავინ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს. ეს ამომრჩეველი არ გაჩერდება და ივანიშვილს სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოსთხოვს. პირველად მოხდა, რომ პოლიტიკოსმა თქვა - “ერთ წელიწადში შევცვლი” - ასეთი იყო ივანიშვილის დაპირება. ერთ წელიწადში საკადრო ცლილებები შესაძლებელი და სავსებით რეალურია, თუმცა ცხოვრების დონის გაუმჯობესება შეუძლებელია”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს” / ცოცო ცინცაძე: “რიგითი ადამიანი მიხვდა, რომ თუ ხელისუფალს უჭირს, ის აუცილებლად დასჭირდება”.

“შეუძლებელი დაპირებები იყო - ერთ წელიწადში რა უნდა მოასწროს?! საკადრო ცვლილებები კი ბატონო - შეუძლია შეცვალოს პრემიერი, ეკონომიკის, განათლების მინისტრი და ა.შ., მაგრამ მშიერი ხალხის მაცივრები ხომ არ გაივსება ამით! დღეს ოპოზიციის აქტივში არის 800-ათასიანი ელექტორატი. ეს არის ელექტორატი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგია. რაც შეეხება ზურაბიშვილის მილიონზე მეტ ამომრჩეველს, მან სხვა სხვადასხვა მიზეზით მისცა. ეს მილიონზე მეტი ამომრჩეველი არ არის “ოცნების” ერთგული, იდეური ამომრჩეველი. ეს ყველაფერი წინაპირობაა იმის, რომამ ყველაფერმა მძიმე კვალი დატოვის ამ წელიწადნახევარში, ახალ არჩევნებამდე. ახლა ხალხი ივანიშვილისგან სამართლიანობის აღდგენას არ ელოდება, ახლა მშიერი ხალხი დანაყრებას ელოდება. საპარლამენტო არჩევნებზე “ოცნებას” გაუჭირდება, რადგან შეუძლებელია ამ დაპირებების შესრულება, ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ამიტომ იყო სარისკო ეს დაპირებები. დღეს ოპოზიციამ წააგო, მაგრამ თუ სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებს, ამ წელიწადნახევრის შემდეგ მეტი შანსი ექნება - ეს დრო მთლიანად ოპოზიციის სასარგებლოდ და ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“ შეცდომა იყო სააკაშვილის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ტელეეკრანებიდან. ოპოზიცია მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში სწორად იქცეოდა, როდესაც ცდილობდა სააკაშვილისგან გამიჯვნას, მაგრამ არასწორად იქცეოდა სააკაშვილი, რომელიც ყველას უმტკიცებდა თავისი გამოსვლით, რომ ლიდერი ისევ ის არის. როგორც ჩანს, ვერ გაუბედეს ეთქვათ, რომ მეორე ტურის წინ არ გამოჩენილიყო. საერთოდ უნდა გაჩუმებულიყო. ის კი თავისი გამოსვლებით ვაშაძესთან ახდენდა ასოცირებას, რის გამოც ვაშაძე მოსახლეობის თვალში გასულ 9 წელთან გახდა ასოცირებული. ძალიან რთული გზა ელოდება წინ ოპოზიციას. ეს არის ბეწვის ხიდი. თუ ისინი ოდნავ მაინც გასცდებიან კანონს, კონსტიტუციის ჩარჩოებს, მაშინ შინ და გარეთ ყველას მიეცემა საფუძველი თქვან, რომ მათ უნდოდათ რევოლუცია, გადატრიალება... სააკაშვილი დღეს ნანობს, ივანიშვილთან საერთოდ რატომ ჰქონდა ურთიერთობა. ივანიშვილი მას კვლავ იყენებს, როგორც სისხლიანი 9 წლის ავტორს, თუმცა ერთი წლის შემდეგ არა მგონია, ამ ფაქტორმა იმუშაოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ივანიშვილი გარემოცვას ვერ მოიშორებს - ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნებაა საჭირო, ბევრი ფაქტორი მუშაობს, ასე მარტივი არ არის. რა გამოდის, რომ მთლიანად ეს გარმოცვა უნდა მოიმდუროს, გადაიმტეროს. პოლიტიკურ სისტემას წელიწადნახევარში ვერ ცვლიან, ეს ვერავინ შეძლო და არა მგონია, ივანიშვილმა შეძლოს”, - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “ივანიშვილმა თქვა, რომ პარტიის გადახალისება მოხდება?” - პასუხობს:

“ეს იქნება ალბათ უფრო ზედაპირული ცვლილებები - პირველ ტურში, როდესაც 53% დაუდეს და გააბრიყვეს, ახლა მთელ ჯავრს მათზე იყრის, მაგრამ რეალურად ეს არაფერს შეცვლის. ახლა ყველაზე საინტერესო პოლიტიკური პროცესი იწყება და მოდით ასე ვთქვათ, ახალი პოლიტიკური ხვეული არავითარ კავშირში არ იქნება ზურაბიშვილთან - მთავარი პოლიტიკა სულ სხვაგან იქნება. ამ არჩევნებმა ერთი მნიშვნელოვანი კვალი ნამდვილად დატოვა: ხალხი მიხვდა, რომ ძალაუფლება მის ხელშია, რომ ის არის ძალაუფლების წყარო. რიგითი ადამიანი მიხვდა, რომ თუ ხელისუფალს უჭირს, ის აუცილებლად დასჭირდება”

შალვა შავგულიძე - “თავისუფალი დემოკრატები” ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით”

“ეს იყო ძალიან ცუდი არჩევნები, აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დიდი ფულის აშკარა მონაწილეობა, არჩევნებს თან ახლდა ძალადობრივი ფონი, ასევე ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყვნენ კრიმინალური ელემენტები. ასევე ხელისუფლებამ გამოიყენა ფორმალურად და იდეოლოგიურად განსხვავებულ - პრორუსულ პლატფორმაზე მდგომი პარტიის აქტივობა და “ქართული ოცნება” დაეხმარა “პატრიოტთა ალიანსს”, რათა ამ პარტიის სახელით ჩატარებულიყო მრავალრიცხოვანი მიტინგი და ამით “პატრიოტთა ალიანსის” მცირე სეგმენტიც მიემატებინა თავისი აქტივისთვის... აშკარად უკან გადადგმულ ნაბიჯზე მეტყველებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მაგრამ ეს არჩევნები მაინც ითვლება შემდგარ არჩევნებად - ასეთი შეფასება აქვს საერთაშორისო მხრიდანაც. ეს იყო ცუდი არჩევნები, მაგრამ ეს არ განაპირობებს ამ არჩევნების არაღიარებას და მის არალეგიტიმურად ცნობას “, - აცხადებს “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა შავგულიძე “პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვერ დააზიანებს” / “ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით, დესტაბილიზაცია არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს.

სალომე ზურაბიშვილისგან დიდს არაფერს ველოდები - ისევე, როგორც იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც ასე იძულებით და ძალადობით გახადა ის პრეზიდენტი. მაგრამ არც იმას ველი, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად შეძლებს არააღიარების პოლიტიკისთვის დიდი ზიანის მიყენებას. იმედი მაქვს, ის ვეღარ გააგრძელებს პრეზიდენტის რანგში ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებას. თუ “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ რამე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე გააკეთოს ზურაბიშვილის ხელით, პასუხისმგებლობა მასზე იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არ შეუერთდებით იმ აქციას, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ დააანონსა?” - პასუხობს:

“ამ მოთხოვნებს ჩვენ არ ვიზიარებთ და არ შევუერთდებით. ცუდ არჩევნებს რომ კიდევ დესტაბილიზაცია დაემატოს ქვეყანაში - თან დესტაბილიზაცია, რომელიც არ იქნება მიმართული პოზიტიური შედეგის მიღებაზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს შედეგებს და მზად არიან დაგვეხმარონ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს... ვიზიარებთ პოზიციას, რომ საჭიროა მთლიანად პროპორციული სისტემის მოთხოვნა და მთლიანად საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება".

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N12, დეკემბერი, 2018) მიმოხილვა - ვაზიანის სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს / ნატო-საქართველოს საზღვაო სწავლება / ერთადერთი ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი / GPS -ის გათიშვის საშიშროება / შსს გამომძიებლებს ახლებურად მოამზადებს / გზებზე უსაფრთხო მოძრაობისთვის / დრონები მეხანძრე-მაშველების სამსახურში

“12 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება - ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა, გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის - “ახალი მზადყოფნის ცენტრის” შექმნას შეუწყობს ხელს. სიმართლე გითხრათ, ასეთ ინფორმაციას უკვე წლებია ველოდი, რადგან ვაზიანის სამხედრო ბაზა და განსაკუთრებით მისი აეროდრომი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებია. ორივეს თავის დროზე ძალზე წარმატებით იყენებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო”, -”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N12, დეკემბერი, 2018) სტატიაში სათაურით ვაზიანის სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს / ვაზიანში აეროდრომისა და პოლიგონის სიახლოვე მას საუკეთესო საწვრთნელ ადგილად აქცევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

“ამიტომაც, ბუნებრივია, ვაზიანის სამხედრო ინფრასტრუქტურით ამერიკელი სამხედროები და ნატოც რომ დაინტერესდნენ. ამ სამხედრო ობიექტის მთავარი პლუსი შემდეგშია: აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უშუალო სიახლოვე მთაგორიან პოლიგონთან, რაც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ევროპიდან ან თუნდაც ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან რამდენიმე საათში გადმოსროლილი დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის მაშინვე პოლიგონზე სწავლებაში ოპერატიულად ჩართვის საშუალებას იძლევა. თუმცა ამისთვის საჭიროა თავად აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლება, უპირველესად კი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, რაც იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის, მაგრამ პენტაგონის ფინანსურ-ტექნიკური დახმარებით ადვილად მისაღწევია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვაზიანის სარკინიგზო ბაქანი აღჭურვილია სპეციალური პანდუსით, რომელიც ღია სარკინიგზო პლატფორმებზე საბრძოლო ტექნიკის საკუთარი სვლით დატვირთვა-ჩამოტვირთვას ემსახურება, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს მექანიზებული დანაყოფების რკინიგზით ოპერატიულად გადასროლისას. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, საბჭოთა პერიოდში სწორედ ვაზიანში ინახებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა (“ტემპი”, “ელბრუსი”) და მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებისთვის (“პიონი”) განკუთვნილი ბირთვული ქობინები, ასევე საინჟინრო ატომური ნაღმები, რომლებიც საქართველოდან 1989 წელს გაიტანეს. დღეს ვაზიანში ქართული არმიის მე-4 მექანიზებული და 1-ლი საარტილერიო ბრიგადებია განთავსებული. აქვე დაიწყო ფუნქციონირება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრმა. ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ ვაზიანის აეროდრომი და სამხედრო პოლიგონი საქართველოსა და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის მთავარი ასპარეზი ხდება, რაც რუსეთის გაღიზიანებასა და არცთუ სახუმარო მუქარას იწვევს - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ სწორედ ვაზიანის ქართული სამხედრო ბაზა დაბომბა”, - დასძენს გამოცემა.

საქართველოს პორტებში ნატოს მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდების ვიზიტები ტრადიციად იქცა. შენაერთის პირველი სტუმრობა 2013 წლის სექტემბერში შედგა, 2016 წლიდან კი ვიზიტებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის შემადგენლობაში ნატოს წევრი შავიზღვისპირა ქვეყნები – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი მუდმივად არიან წარმოდგენილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაშავიზღვისპირა ქვეყნები კი იცვლებიან. ბათუმს 2-5 ნოემბერს შენაერთის 5 ხომალდი ეწვია – მცურავი ბაზა A-513 Rhein-ი (გერმანია), მტრალავი ხომალდები: M-264 Erdemli (თურქეთი), 32 Stibar-ი (ბულგარეთი), F-29 Lტ. F-29 Lt. Dimitrie Nicolescu (რუმინეთი) და M-34 Turia (ესპანეთი). შენაერთის დანიშნულება საზღვაო ნაღმების ძებნა-განეიტრალებაა, თუმცა თანამედროვე მტრალავი ხომალდები სხვა ამოცანებსაც ასრულებენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ნატო-საქართველოს საზღვაო სწავლება.

“ვიზიტის ბოლო დღეს ნატოს ხომალდებმა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან, რომელსაც აშშ-დან ახლახან მიღებული ხომალდები “ოჩამჩირე” და “დიოსკურია” წარმოადგენდნენ, ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. მსგავსი ტიპის სწავლებები გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა-გაღრმავების საუკეთესო ფორმაა. მართალია, გამოცდილება საქართველოს სანაპირო დაცვის მეზღვაურებს არ აკლიათ, მაგრამ მათ ამჯერად დავალებების შესრულება ძველ ნაღმსაშიშ რაიონში მოუხდათ. ზღვაში გასვლის წინ ნატოს მუდმივმოქმედი მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ოპერაციების დაგეგმვის ბრიტანელმა ოფიცერმა თომას მაკფეილმა განაცხადა: "დღეს ნატოს მუდმივმოქმედი მე-2 ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნებით ასრულებს ვიზიტს. ველოდებით სწავლების დაწყებას, რათა ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა და ერთობლივი მანევრების შესრულება საუკეთესო საზღვაო პრაქტიკის გათვალისწინებით. ჯგუფის ხომალდების წინაშე ძველი ნაღმების ძებნის ამოცანა დგას". სწავლებაზე ხომალდების ეკიპაჟების გამოვლენილმა უნარ-ჩვევებმა, ასევე ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკურმა შესაძლებლობებმა ცხადყო, რომ “ოჩამჩირესა” და “დიოსკურიას” ნატოელ პარტნიორებთან ერთობლივად ღირსეულად შეუძლიათ სხვადასხვა ამოცანის შესრულება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სწავლება მოიცავდა ისეთი ელემენტების დამუშავებას, როგორიცაა ავარიული მცურავი საშუალების ბუქსირება, ძებნა-გადარჩენის ოპერაცია და ტაქტიკური მანევრები. სწავლების თითოეული ელემენტი უცხოელ პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა და ხომალდის ეკიპაჟმა, ნატოს შესაბამისი ტაქტიკური სახელმძღვანელოების მიხედვით, მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულა. ეს უპირველესად ეკიპაჟის თითოეული წევრის გამოცდილებამ, აშშ-ში ხომალდების მიღების დროს გავლილმა ეფექტიანმა გადამზადებამ განაპირობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სწავლებაში მონაწილე საპატრულო ხომალდ “ოჩამჩირის” მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი გიორგი სიორდია.

“ყველა ბავშვის ოცნებაა იფრინოს და მეც მქონდა ასეთი ოცნება. საბედნიეროდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ერთ დღეს გავიგე, რომ მფრინავების შერჩევა დაუწყიათ და ვიფიქრე, ვცდი-მეთქი, თან ეს საქმე ჩემთვის უცხო არ იყო, ბაბუა სამხედრო მფრინავი მყავდა, მამა - პარაშუტისტი. ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მისი ფოტოები, მასზე მოყოლილი ამბები მუდმივად ჩემ გარშემო ტრიალებდა. საერთოდ, ოჯახში მუდმივად ლაპარაკობდნენ ფრენაზე, თვითმფრინავებზე... ჩვენს ოჯახში პროფესიები და საქმე არასდროს ყოფილა დაყოფილი - ეს ქალის ან პირიქით, კაცის საქმეაო, არასდროს უთქვამთ. საბედნიეროდ, სრული გენდერული თანასწორობა იყო. მეტიც, ყოველთვის გვეუბნებოდნენ, თუ ბევრს ისწავლი, ყველაფერი გამოგივაო. ვცდილობ ჩემი შვილებიც ასე გავზარდო და ჩავაგონო, რომ ყველაფერს მიაღწევენ, თუ მოინდომებენ”, - აცხადებს საავიაციო სკოლის უფროსი მფრინავი, კაპიტანი თამარ შიოშვილი ჟურნალ “არსენალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სამხედრო მფრინავი ქალის გზა მიწიდან ცამდე.

“პირველადი საფრენოსნო მომზადება ნატახტრის აეროდრომზე გავიარეთ, შემდეგ თეორიული სწავლების, მფრინავის მოსამზადებელი კურსებისთვის უკრაინაში ვიყავით. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე კონკრეტულ თვითმფრინავზე ვვარჯიშობდი... გავიარე საოფიცრო კურსებიც, შემდეგ საპარაშუტო მომზადება. იყო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები... საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთადერთი ლიცენზირებული სამხედრო მფრინავი ქალი მე დავრჩი მხოლოდ, ისე კი სამნი ვიყავით: ნინო კეკელიშვილი, ეკატერინე ქვლივიძე და მე. მერე მათ თავი დაანებეს ამ პროფესიას... პირველი გაფრენის ემოციას არაფერი შეედრება, ეს არის ადრენალინი, მოლოდინი... ასევე, იმის შიში, გამოგივა თუ არა. თვითმფრინავი მანქანა ხომ არ არის, თუ არ გამოვიდა, გადააყენო და ხელახლა სცადო. როდესაც ჰაერში ხარ, ყველაფერი ზუსტად უნდა გააკეთო. რაც მთავარია, საკუთარ თავსა და სხვებსაც უმტკიცებ, რომ ის, რისკენაც მიისწრაფოდი, ისწავლე და დამოუკიდებლად შეგიძლია ფრენა. პირველ გაფრენას საკუთარი თავის რწმენა და დიდი სიხარული მოაქვს. ეს შეგრძნება მთელი ცხოვრება გამყვება. 2007 წლიდან დავფრინავ და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ეს არჩევანი გავაკეთე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ შიოშვილი.

“პირველი ფრენისას კონკრეტულ მარშრუტს აკეთებ და მერე ჯდები. ტრიუკების გაკეთება არ გიწევს, თუმცა შემდეგ ეტაპობრივად იწყება მარტივი და რთული პილოტაჟები, რასაც ჯერ ინსტრუქტორთან ერთად აკეთებ, შემდეგ კი დამოუკიდებლად. მფრინავის პროფესია სიზუსტეს, ძალიან დიდ დაკვირვებასა და ცოდნას მოითხოვს. ზედმიწევნით უნდა იცოდე ის ტექნიკა, რაზეც მუშაობ, ფრენის წესი. მიწაზე რაც 10 ქულაზე იცი, ჰაერში შესაძლოა 5-6-ზე იცოდე. ფრენამდე აუცილებლად უნდა გაიარო წინასაფრენოსნო მომზადება და სამედიცინო შემოწმება. უნდა იმოქმედო ისე, როგორც მიწაზეა დაგეგმილი, დაიცვა ფრენისა და უსაფრთხოების წესები, დადგენილი მარშრუტი, აკონტროლო სიჩქარე და ვიზუალური სივრცე, გაითვალისწინო მეტეოროლოგიური პირობები, თვალყური ადევნო თვითმფრინავის პარამეტრებს და ა.შ. ეს არის საქმე, რომლის ყველა დეტალი გასათვალისწინებელია. სწორედ ამით არის გამორჩეული სხვა პროფესიებისგან, თუმცა შეუძლებელი არ არის...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

მფრინავი ყოველთვის წინასწარ გაწერილი გრაფიკით მოქმედებს, ყველა გეგმა წინასწარ გათვლილია. სამხედრო მფრინავი ხარ და, რა თქმა უნდა, გიწევს სამხედრო წესდების დაცვა. გააჩნია, რა ტიპის თვითმფრინავით დაფრინავ, ყველა საფრენ აპარატს თავისი ფუნქციები და შესაძლებლობები აქვს. თავდაპირველად, დაფრინავ წრეზე, შემდეგ ასრულებ მარტივ პილოტაჟს, ამის მერე უფრო ართულებ და შემდეგ უკვე მანევრირებაზე გადადიხარ. ყველა მათგანი თავისი მახასიათებლებით და თავისებურებებით გამოირჩევა. მე ძალიან მიყვარს “კასრი”. - რთული პილოტაჟია, მაგრამ ძალიან საინტერესო როგორც შესასრულებლად, ასევე საყურებლად. ყველა მფრინავი კონკრეტულ დავალებას კონკრეტულ სიმაღლეზე ასრულებს. გააჩნია, თვითმფრინავსაც. მე ყველაზე მაღალ სიმაღლეზე 5 ათას მეტრზე მიფრენია”, - ამბობს შიოშვილი და შეკითხვაზე – “მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?” - პასუხობს:

“თავადაც მფრინავია. ერთად გავხდით მფრინავები. შვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ დედა მფრინავია. უფროსს, რომელიც 5 წლის არის, მფრინავობა უნდა, და 4 წლის პატარას - სპაიდერმენობა და პრინციპში, ახლოს არის ჩემს პროფესიასთან. გამიხარდება თუ ამ გზას აირჩევენ - 9-ზე იწყება ჩემი სამსახური, 6-ზე თავისუფალი ვარ და სამსახურის შემდეგი დრო სრულად ხმარდება ჩემს შვილებს, ასევე შაბათ-კვირაც. ცხოვრების განსაკუთრებული წესი არა მაქვს, უბრალოდ, ისეთი პროფესიაა, ბევრისთვის სასურველია, თუმცა ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, როგორც გითხარით, შეუძლებელი არაფერია, თუ ისწავლი და მოინდომებ, შეძლებ”.

“ფინეთი და ნორვეგია რუსეთს მათ ტერიტორიაზე GPS-ის სისტემის ჩახშობაში ადანაშაულებენ, რასაც შეიძლება სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს... ნავიგაციის თანამგზავრულმა სისტემა GPS-მა მჭიდროდ დაიმკვიდრა თავი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს ავტომობილით მგზავრობის მარშრუტის განსაზღვრა, სმარტფონები, მიწის ნაკვეთების საზღვრების მოზომვა ან სულაც აქტიური დასვენება, როდესაც თქვენი თითოეული ნაბიჯი ითვლება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად GPS-ის სიგნალი საერთოდ გაქრა, რამდენი პრობლემა წარმოიქმნება მაშინვე? სწორედ ასეთ დღეში აღმოჩნდნენ ფინეთისა და ნორვეგიის მოქალაქეები გასულ კვირას, როდესაც მათ ტერიტორიებზე GPS -ის სიგნალი ძალიან შესუსტდა ან საერთოდ შეწყდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით GPS-ის გათიშვის საშიშროება / რამდენად დაცულია ქართული არმია ამ საფრთხისგან.

“დედამიწის პოლუსებისკენ ეს სიგნალი ისედაც კარგავს სიმძლავრეს, მაგრამ იმაში, რაც ფინეთსა და ნორვეგიაში მოხდა, ამ ქვეყნების მთავრობებმა პირდაპირ დაადანაშაულეს... კრემლი. ასეთი სერიოზული ბრალდებები საფუძველს მოკლებული არ გახლდათ - “რუსეთის არმიამ გამოიყენა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მძლავრი წყაროები, რათა GPS -ის სისტემა ჩაეხშო”, - აცხადებენ ჰელსინკისა და ოსლოში, ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია ნატოს სარდლობის მიერ ჩატარებულ სამხედრო სწავლება Trident Juncture-თან, რომელიც 25 ოქტომბერს დაიწყო. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება ჩრდილოეთ ფლანგზე “ცივი ომის” შემდგომ პერიოდში, რომელშიც მონაწილეობს 32 ქვეყნის 50 ათასი სამხედრო, 10 ათასი საბრძოლო მანქანა, 65 ხომალდი, 250 თვითმფრინავი და შვეულმფრენი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატების განსასაზღვრად ტანკებიც, კორვეტებიც და ბომბდამშენებიც GPS -ის სისტემას იყენებენ და ადვილი წარმოსადგენია, რამხელა პრობლემები შეექმნებოდათ ამ სისტემის მოქმედების ჩახშობის შემდეგ. ამით რუსეთის ხელისუფლებამ მისი ჩრდილოეთ საზღვრის უშუალო სიახლოვეს სწავლების მიზნით თავმოყრილ ალიანსის ძალებს, სავარაუდოდ, მკვეთრი გაფრთხილება მისცა და, ფაქტობრივად, “ვირტუალური ომი” გამოუცხადა. რა იქნება დასავლეთის პასუხი?.. GPS -ის სისტემა ქართულ არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებშიცაა დანერგილი და ის, რაც მოხდა ნორვეგიისა და ფინეთის ტერიტორიებზე, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქს უფრო მარტივად შეუძლია გაიმეოროს ჩვენს წინააღმდეგ, რისი საფრთხეც აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლებისთვის ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა დაიწყო და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადებას შეუდგა. საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესაბამისად, დაგეგმილია მოქმედ გამომძიებელთა გადამზადებაც და კონკურსის წესით ახალ გამომძიებელთა მიღება. შს სამინისტროს ცნობით, ახალი გამომძიებლები მხოლოდ კონკურსით შეირჩევიან. ამასთან, 1200 მოქმედი გამომძიებელი სპეციალურ კურსს აკადემიაში გაივლის და მათ მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ. გადამზადების პროგრამის პრეზენტაციისას შს საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგამოძიებო სისტემის გაძლიერება და გამოძიების ხარისხის ამაღლება სამინისტროს გამართული მუშაობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით შსს გამომძიებლებს ახლებურად მოამზადებს.

„ჩვენ ვიწყებთ გადამზადების და სტაჟიორების მიღების ეტაპს. სისტემური განახლება არის რეფორმების მთელი პაკეტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. ეს სისტემური რეფორმების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია, რამაც უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი და შესაბამისი საპოლიციო მომსახურება. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო თანამშრომელთა მიღების წესის შეცვლა. ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სისტემაში იწყებს მუშაობას, ყველაფერთან ერთად, ვგულისხმობ სოციალური უზრუნველყოფის ნაწილს, ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს კომპეტენცია და განათლების ხარისხი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები მოდიოდნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი წინა პირობა, რომ სამინისტრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს~, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, 1200 გამომძიებლის გადამზადება არის ხარისხობრივად ახალი ნაბიჯი. მინისტრმა ყველა პოლიციელს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბოლო ათწლეულებში კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ არაფერი გაკეთებულა. ამ მიმართულებით ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ და ძალზე მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც პარტნიორ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გვაქვს. მადლობას ვუხდით ამერიკელ კოლეგებსა და ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც სისტემური განახლებაში გვეხმარებიან. ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა ჩვენთვის ღირსების საკითხია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესაბამისად, 1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება. შს სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში”, - დასძენს გამოცემა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) სიჩქარემზომი 9 რადარი საჩუქრად გადასცა. ახალი რადარების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 18 თანამშრომელს 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა”, - წერს ჟურნალის “არსენალი” სტატიაში სათაურით გზებზე უსაფრთხო მოძრაობისთვის.

“გადამზადებული პატრულ-ინსპექტორები დეკემბრიდან ხელის რადარებს პირველად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე გამოიყენებენ - ანუ საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც “ჭკვიანი” ვიდეოკამერების დაფარვის არეალი არ ვრცელდება და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია. სიჩქარემზომი ხელის რადარების დანერგვა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება. საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შსს დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა ადგილას “ჭკვიან კამერებს” ეტაპობრივად ამატებს. ამ დროისთვის თბილისში სულ 248 “ჭკვიანი კამერა”, მათ შორის სიჩქარემზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის კონტროლის სისტემით შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 271 კილომეტრ საავტომობილო გზას აკონტროლებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის წლის ბოლომდე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში როგორც მაგისტრალურ, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, 1200 “ჭკვიანი” ვიდეოკამერის ამოქმედებას გეგმავს. საგზაო უსაფრთხოებაში მიმდინარე რეფორმების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარებისთვის გატარებულ ღონისძიებათა შედეგები ეტაპობრივად უკვე აისახა მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში. კერძოდ, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 36%-ით, დაშავებულთა კი 5%-ით შემცირდა”, - დასძენს გამოცემა.

“მთასა თუ ტყეში გახშირებული ხანძრებისას, ყველგან, სადაც კი ბუნებასა და ადამიანს საფრთხე ემუქრება, მეხანძრე-მაშველები ცდილობენ ყველასა და ყველაფრის დაცვას. ბოლო დროს თანამედროვე ტექნიკური საშუალებები მათ უფრო ოპერატიულად, ენერგიის დაზოგვითა და მცირე დროში ეფექტიანი მუშაობის პირობებს უქმნის. საუბარია დრონებზე, რომლებიც მეხანძრე-მაშველებმა უკვე აითვისეს და არსებულ პრობლემებსა თუ საფრთხეებს მოარგეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით დრონები მეხანძრე-მაშველების სამსახურში.

“რამდენიმე და სხვადასხვა ფუნქციისა თუ შესაძლებლობების მქონე დრონი გვაქვს, მათ შორის, DJI მავივ პრო, რომელიც პატარაა, კომპაქტური და ტყეში ხანძრის დროს გამოიყენება, რადგან კარგად ახერხებს საჭირო წერტილიდან დაზვერვას, უპრობლემოდ დაძვრება ხის ტოტებში და მეხანძრე-მაშველებისთვის სატარებლადაც ადვილია. ასეთივეა DJI inspire 2, რომელიც წვიმასა და ცუდ ამინდში, მათ შორის ქარში საფრენად არის შექმნილი, ანუ სტაბილურად გადაადგილდება. მასზე გვაქვს ჩამოგდების ის სისტემაც, რომელიც დაზვერვის გარდა, სამაშველო ოპერაციებშიც გამოიყენება. უკვე ვიყენებთ DJI matrice 210-ს, რომელსაც მოფერებით “მაშველ არწივს” ვეძახით. ის აღჭურვილია ორი კამერით - ერთი სითბურია, რომელსაც ხანძრის, ასევე დაკარგული ადამიანის საპოვნელად ვიყენებთ, მეორე კამერა კი გარშემო არსებულ გარემოს დიდი ზომითა და კარგი ხარისხით გვიჩვენებს. შეიძლება ითქვას, რომ დეტალურად ვათვალიერებთ საინტერესო რაიონს. ასე რომ, წინასწარ მომზადებული მაშველები საჭირო ადგილას ჩაეშვებიან და დრონით ნაპოვნ ადამიანს ამოიყვანენ. არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც მდინარის იქითა ნაპირზე მყოფი დაკარგული არ ჩანდა, მაგრამ დრონით გვიპოვია და ამოგვიყვანია. ადამიანის უსაფრთხოდ გადმოყვანისთვის დრონით შეიძლება მეორე მხარეს თოკი, ჩაფხუტი და მაშველი ჟილეტიც გადავიტანოთ“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თბილისის მთავარი სამმართველოს ცენტრალური კოორდინაციის ინსპექტორი ბექა მეშველაშვილი.

“სითბურ კამერას, რომელსაც ძებნისა და გადარჩენის ფუნქცია აქვს, ძირითადად, სამთო-სათხილამურო სეზონზე ვიყენებთ, მაგალითად, ადამიანის თოვლში, ტყესა და ხეობაში დაკარგვისას. ის დაკარგულის სითბურ მოძრაობას აფიქსირებს და მაშველებს ზუსტ კოორდინატებს გადმოსცემს, რის შემდეგაც ჩვენ მას უფრო მარტივად ვპოულობთ. 8 კილომეტრზე შეუძლია ფრენა და მაშველებს ძალიან უმარტივებს საქმეს - სანამ მაშველი დადის და მიახლოებით მოცემულ კოორდინატს ეძებს, ამასობაში დრონი პოულობს ობიექტს და ზუსტ კოორდინატებს გვაძლევს. ეს დაკარგულისა და მაშველისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ზოგავს დროს, ენერგიასა და მუშაობის რისკებსაც ამცირებს. როგორც მოგახსენეთ, დრონს ტყის ხანძრებში ვიყენებთ. ბოლო შემთხვევისას, როდესაც ტყე დაახლოებით ათ ჰექტარზე იწვოდა, დრონი საკმაოდ ეფექტიანად გამოვიყენეთ, ადგილზე სიტუაცია დავზვერეთ, ამის შემდეგ კი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის გზები დაგეგმეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დრონი ვიდეოს გადმოგვცემს, ანუ ინფორმაციას გვაწვდის კონკრეტული წერტილის კოორდინატზე. არადა, გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგადი ინფორმაცია გვაქვს, იმ კონკრეტულ წერტილში ვერ ვასხამთ წყალს, სადაც საჭიროა, დრონი კი ამის საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, მაშველებს ტყეში შესვლა და ხანძრის ძებნა არ უწევთ. დრონი ზუსტად განსაზღვრავს, სად არის ხანძარი და რამდენი მეხანძრე-მაშველი დასჭირდება საქმეს. გარდა იმისა, რომ დროს ზოგავს, მაშველების ენერგიასაც და რესურსსაც სწორად ანაწილებს. ტყეში ორიენტაცია ძალიან რთულია და როდესაც მეხანძრე-მაშველებს ვუშვებთ, რაციით წინასწარ ვეუბნებით, სად, რა მიმართულებით უნდა იარონ და როგორ იმოქმედონ. როდესაც ადგილზე ვართ და იქვე ვაქრობთ ხანძრის წერტილებს, შემდეგ იმავე ადგილიდანაც ვუშვებთ დრონს სიტუაციის დასაზვერად და გარშემო არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მოსაწოდებლად. მეხანძრე-მაშველები უკვე ვიყენებთ DJI matrice 600-საც. ამჟამად ვმუშაობთ პროგრამისტებთან ერთად და გვინდა ისე გადავაკეთოთ, რომ 6 კგ-მდე ტვირთის გადატანა შეძლოს. უკვე გამოვიყენეთ და ძალიან გაამართლა. დრონის უპირატესობა ის არის, რომ დაზვერვისთვის შვეულმფრენი არ დაგვჭირდება, საკმარისია, დრონი გადაფრინდეს და ინფორმაციას ზუსტად მოგაწვდის. ეს მხოლოდ ტყის ხანძრებს არ ეხება, როგორც მოგახსენეთ, ის გამოიყენება ადამიანის ძებნასა და გადარჩენაშიც”, - ამბობს ბექა მეშველაშვილი.

“ერთი დრონი ჩვენი რეალობის შესაბამისად გადავაკეთეთ, ანუ მას შეუძლია კონკრეტული საჭიროების ნივთი - იქნება ეს აფთიაქი, ჟილეტი, ჩაფხუტი თუ სხვა რამ, მაშველის მისვლამდე ჩაუტანოს დაკარგულ ადამიანს იმ ადგილას, სადაც იმყოფება. ეს მისი გადარჩენის შანსს ზრდის, შემდეგ კი მასთან მიდის მაშველი და უსაფრთხოდ გამოჰყავს. ერთი სიტყვით, სადაც ვიმუშავეთ, კარგი შედეგი მივიღეთ. თოვლიან ადგილას საქმეში ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ დაზვერვაში, ხეობაში დავტესტეთ და კარგი შედეგი აჩვენა... ბოლო ერთი წელია რაც ასეთი დანიშნულების დრონების გამოშვება დაიწყო, აქამდე არსებულები დიდ მანძილზე ვერ დაფრინავდა. ბოლო ორი-სამი წელია, რაც კომპანია “დი-ჯი-აიმ” დაიწყო მისი გამოშვება და რადგან საქართველოს ტყის ხანძრების პრობლემა გვაქვს, ვიყენებთ. მთიან რეგიონში, როდესაც მეხანძრე-მაშველებმა არ ვიცით, მთის იქით რა ხდება, ფერდობი მიუვალია, არც საფეხმავლო თუ სამანქანო გზა არ არსებობს და ძალიან რთული რელიეფური გარემოა. ჩვენ ვარაუდის დონეზე ვერ დავიწყებთ იმის გათვლას, მეორე მხარეს გადასულია თუ არა ხანძარი - ამ დროს ყოველი წუთი ძვირფასია. საჭიროა გზის გაჭრა, რომ ტექნიკა გადავიდეს იქით მხარეს, ანუ ხანძრის ჩაქრობის სამზადისს ვიწყებთ... ქალაქში კი დრონი არც არის საჭირო, რადგან თვალითაც შეიძლება საფრთხეების შეფასება.”- დასძენს მეშველაშვილი და შეკითხვაზე - “დრონის გამოყენების შემთხვევაში ხანძართან ბრძოლის დროს მეხანძრე-მაშველების რაოდენობა თუ შემცირდება?” - პასუხობს:

“შემცირების რა გითხრათ, მაგრამ მათი ენერგია იზოგება, რადგან თუ მანამდე არ ვიცოდით ამა თუ იმ ადგილას რა ხდებოდა, ყოველი შემთხვევისთვის მაინც მიგვყავდა რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იქ რჩებოდნენ. თუნდაც არ ყოფილიყო სრულად ჩამქრალი, დაბნელებისთანავე ისინი ტყიდან გამოგვყავდა. ღამე იქ ვტოვებდით, მეორე დღეს კი ისინი ისევ გადიოდნენ ტყეში შესამოწმებლად, ხომ არ იყო დარჩენილი ხანძრის კერა. ახლა ვითარებას დრონით ვზვერავთ, ზუსტ ინფორმაციას ვიღებთ და ამის გაკეთება მეხანძრე-მაშველს აღარ უწევს. შემოწმება ცეცხლის ჩაქრობაზე არანაკლებ ძნელია – სადაც აქრობდი, ის ადგილები უნდა გაიარო, სადაც არ მუშაობდი, ისინიც უნდა შეამოწმო, რათა ნახო, ხანძრის არე ხომ არ გაფართოვდა. მაგალითად, თუ 5 კვმ-ზე იწვოდა ბუჩქი, მის გარშემო 500-600 მეტრი ფართობი უნდა შეამოწმო, რომ სადმე ცეცხლის კერა არ იყოს გაპარული. ახალი ტექნიკა ამ ყველაფერს თავად აკეთებს და ამასთან, წინასწარ განვსაზღვრავთ, რამდენი მეხანძრე-მაშველი გვჭირდება”.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი