შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი - თუ პაციენტს დროულად დაესმება დიაგნოზი და ჩაიტარებს მკურნალობას, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად, განუსაზღვრელია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, მსოფლიომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შიდსთან ბრძოლის საქმეში, რამაც საფუძველი ჩაუყარა გლობალურ ვალდებულებას შიდსთან ბრძოლის დასრულების თაობაზე.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის 1-ელ დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსით ინფიცირებულთა 7380 შემთხვევა, მათგან 5526 მამაკაცია, ხოლო 1854 ქალი.

„თუ პაციენტს დროულად დაესმება დიაგნოზი და ჩაიტარებს მკურნალობას, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად განუსაზღვრელია, ცხოვრების ხარისხი კარგია და შესაძლებელია სრულფასოვანი ინტეგრირება. ასე განსაჯეთ, ჩვენი პაციენტები ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა მკურნალობის ყველაზე პროგრესული მეთოდი - ვმკურნალობთ ყველას! ადრე იყო ასეთი წესი, რომ ინფიცირებულს დიაგნოზის დასმისთანავე არ ვმკურნალობდით, სანამ შიდსის ანუ დაგვიანებული სტადია არ განვითარდებოდა. ახლა ეს პრინციპი შეიცვალა და ვმკურნალობთ ყველას, ვისაც დიაგნოზი დაესმება. ამით მიიღწევა ორი დიდი მიზანი - შიდსით ავადმყოფი უფრო დიდხანს და სრულფასოვნად ცხოვრობს და მეორე - მკურნალობაზე მყოფი შიდსით ავადმყოფი აღარ წარმოადგენს ინფექციის გადაცემის წყაროს. ამ პრინციპმა მსოფლიო ლიდერებს საშუალება მისცა, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემიის დასრულების შესაძლებლობა გამოეცხადებინათ. ჩვენ შარშან პირველ დეკემბერს მივიღეთ დეკლარაცია, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემიას დავასრულებთ საქართველოში. ეს იოლი არ არის, მაგრამ უკვე ჩაყრილია სოლიდური საფუძველი, რომ ეს მოხერხდეს,"- განაცხადა შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მეტი აივ- ინფიცირებული ადამიანი არის თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, შემდეგ იმერეთში და აჭარაში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. მათივე ცნობით, 3938 პაციენტს განუცითარდა შიდსი და მათგან 1500 გარდაიცვალა.

"ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 40% -ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გზით აქვს გადაცემული, 50%-ს აჭარბებს უკვე ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემა, ასევე ძალიან სწრაფად იზრდება ჰომოსექსუალური გზით გადაცემა. ანუ შიდსის გადაცემის თვალსაზრისით, მეორე პლანზე გადადის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. წინა პლანზე იწევს ჰეტერო და ჰომოსექსუალური კავშირები,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

2019-2020 წწ აივ/შიდსთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილია რეკომენდაციები, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისთვის გაეროს შიდსის პროგრამის მიერ რეკომედებული ე.წ. 90-90-90 სამიზნეების შესრულებას. ეს გულისხმობს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანამ უნდა გამოავლინოს აივ ინფიცირებულთა სულ ცოტა 90%, უმკურნალოს მათგან სულ ცოტა 90%-ს და მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 90%-ში მიაღწიოს სისხლში ვირუსის არაგანსაზღვრადობას. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, გატარდეს ქმედითი ღონისძიებები აღნიშნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნების შესასრულებლად.

დღეს გამართულ კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებულ საკითხებს ოპერატიულად და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე აშუქებდნენ, მათ შორის "ინტერპრესნიუსი" და mkurnali.ge.

იხილეთ ვიდეო: 5526 მამაკაცია და 1854 ქალი - საქართველოში 7380 ადამიანი აივ/შიდსით ინფიცირებულია

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე