ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის, ასევე, წყლის ხარისხის და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ტარდება

საქართველოში შინამეურნეობათა კვლევა - მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით, კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას.

აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

ამასთან, კვლევას საქართველოში ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

„კვლევა ჩატარდება 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში. წყლის შემოწმება შინამეურნეობებში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2 -7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს ვენიდან. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გუნდში, რომელიც ოჯახებს ესტუმრება, იქნებიან 1-3 ინტერვიუერი, ადამიანი, რომელიც აიღებს წყლის სინჯებს, გაზომავს და აწონის 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და ფლებოტომისტი, რომელიც ბავშვებს აუღებს სისხლს ვენიდან. სისხლის აღებამდე, მშობლებს და ბავშვებს შეეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა სისხლის აღებაზე.

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობა და მხარდაჭერა. გთხოვთ, კვლევაში მიიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებენ დაავადებათა ცენტრში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს