გია თვალავაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე სუს-ის მიერ დაკავებული კიდევ ერთი მაღალჩინოსნისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდა

კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

ის სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

თვალავაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების შედეგად, სხვა ბრალდებულები დაითანხმონ, რომ გია თვალავაძის წინააღმდეგ მისცენ ჩვენებები.

„მოგახსენებთ, რომ მე ვიცავ ბრალდებულ გია თვალავაძეს, რომელსაც სულ ახლახანს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა სრულიად უკანონო პატიმრობიდან. ახლახანს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით და არასდროს არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა.

როგორც ჩანს, ადგილი აქვს მცდელობას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია თვალავაძეს როგორმე შეუკოწიწონ ახალი საქმე და წაუყენონ ბრალდება ქრთამის აღების მუხლით. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იქნება წარუმატებელი, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს დაუმტკიცო იმ დანაშაულის ჩადენა, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა გია თვალავაძის მოსმენა, ფარული მიყურადება და აღნიშნული მასალა გადასცეს დაცვის მხარეს.

„მე, როგორც ბრალდებულის ადვოკატი, კარგად ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მისგან ქრთამის აღებას ადასტურებს; შესაძლებელია, საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების შედეგად, სხვა ბრალდებულები დაითანხმონ, რომ გია თვალავაძის წინააღმდეგ მისცენ ჩვენებები; თუმცა იმდენად არარეალურია გია თვალავაძისთვის ქრთამის აღების დაბრალება, ბრალდების მხარის მხრიდან მისი ამ დანაშაულთან დაკავშირების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება", - აცხადებს კაკაბაძე.

ის სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გია თვალავაძის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს.

"სამწუხაროდ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მოვისმინე არაერთი ისეთი ინფორმაცია, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაძლოა, მიზნად ისახავდეს გია თვალავაძის დისკრედიტაციას. მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება დაუსაბუთებელი ჭორების საფუძველზე ადამიანისთვის ისეთი დანაშაულის დაბრალება, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. შესაბამისად, დაცვის მხარე აუცილებლად არგუმენტირებულ პასუხს გასცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და ყველა ნათლად დაინახავს გია თვალავაძის სიმართლეს.

კანონის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და არ დავუშვებთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის დასჯას!" - აცხადებს კაკაბაძე.

იხილეთ ვიდეო: გია თვალავაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ სუს-ის მიერ დაკავებული კიდევ ერთი მაღალჩინოსნისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე