„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას მიმართ მუქარაზე საუბრობს

უფლებადამცველები ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას მიმართ მუქარის ფაქტებზე საუბრობენ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჟურნალისტზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან სავარაუდო გაყვანას უკავშირდება.

„პრესკონფერენციის თემა უკავშირდება ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ფაქტს, იმ კადრებს, რომლებიც სხვადასხვა მოწმეების ჩვენებებით, არსებობს და შენახულია. ხელისუფლება საპატიმროდან გაყვანის ფაქტსაც კი უარყოფს წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოითხოვეს ამ ფაქტის გამოძიება ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე. ამის თაობაზე სახალხო დამცველსაც ჰქონდა არაერთი მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რომ შესწავლილიყო ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის სავარაუდო ფაქტი. ამაზე ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ ჰქონია", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან სავარაუდო გაყვანის დროს სასჯელაღსრულების სინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

„დაახლოებით ერთი თვის წინ დაგვიკავშირდა უფლებადამცველი და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ის 2012 წლამდე იყო სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო დემონსტრაციებსა და აქციებში. ის ასევე მუშაობდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და შემდგომში მან სასჯელაღსრულების სამინისტროში იმუშავა. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მისი თქმით, უთანხმოება მოუვიდა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მან დატოვა სამინისტრო. შემდგომი ორი წლის განმავლობაში იყო ბლოგერი, აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობას, შეცდომებს. ამავე დროს, როგორც კორძაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი უთანხმოება დაკავშირებული იყო ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ფაქტზე, რაზეც მის მიმართ იყო მუქარები, ამიტომ მან დატოვა საქართველო და ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში იმყოფება, სადაც თავშესაფარს ითხოვს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც კორძაიას ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ მას აქვს სარწმუნო ინფორმაცია და ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოეკითხათ.

„ასეთ დროს გამოძიება უნდა დაინტერესდეს და ეს ოქროს მოწმე გამოკითხოს თუ მასზე უნდა განახორციელოს კონკრეტული მუქარა? ირაკლი კორძაია არის ბლოგერი და თუკი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა გადაცდომა, ამას ხმამაღლა აკრიტიკებს. როგორც კორძაია ამბობს, მის მეგობარს უკავშირდება მთავარი პროკურორის მოადგილე და ეუბნება, რომ კორძაია გაჩუმდეს, თორემ ვიცით სად არისო", -განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველების მოთხოვნა არის, რომ სახელმწიფომ შეწყვიტოს ირაკლი კორძაიას მიმართ მუქარა.