პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე პარლამენტი ახალი რეგლამენტით დაიწყებს მუშაობას

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, პარლამენტი ახალი რეგლამენტით დაიწყებს მუშაობას. მასთან ერთად ძალაში შევა დეპუტატთა ეთიკის კოდექსი.

ახალი რეგლამენტის პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა. დოკუმენტი 77 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღეს.

რეგლამენტში უკვე ასახულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი #8.

ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: - პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება, როცა პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვა.

ერთ-ერთი ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას შეეხება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში კი ძლიერდება კომიტეტების უფლებამოსილება, რომლის მიხედვით, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა მინისტრის და დარგობრივი მინისტრის დასწრების ვალდებულება შემოდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა