ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად იზრდება

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად იზრდება. დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის მიერ “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” კანონში შეთავაზებული ცვლილებები განიხილა, რომელიც დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გააცნო.

მისი თქმით, საკმაოდ მასშტაბურია ცვლილება, რაც ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრებმა განიცადა. წარმოდგენილი პროექტის მიღების შემდეგ, ეროვნული პარკის ტერიტორია, რომლის ფართობიც 69 518 ჰექტრით იზრდება და 78 201 ჰა გახდება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტრო ამ საკითხზე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, სადაც ასევე ჩართული იყო ექსპერტთა ჯგუფიც.

როგორც ნინო თანდილაშვილმა განმარტა, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ მზარდია ტურისტების ინტერესი. მისივე თქმით, მომზადდება მენეჯმენტის გეგმა, თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურა შეიძლება მოეწყოს, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ექნება.

დეპუტატები დაცული ტერიტორიების საზღვრების გაფართოებას მხარს უჭერენ, თუმცა უმრავლესობის ნაწილმა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შელახვის საფრთხე დაინახა.

კერძოდ, როგორც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა განაცხადა, დაცული ტერიტორიების საზღვრებში კერძო ტერიტორიები და კერძო საკუთრება ექცევა, რამაც შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. წიკლაურმა პროექტის განხილვის შეჩერება და ყაზბეგის მოსახლეობასთან კონსულაციების გამართვა მოითხოვა. მონადირეთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა.

საბოლოოდ მხარი კანონპროექტს პრინციპების დონეზე იმ დათქმით დაუჭირეს, რომ მეორედ მოსმენით განხილვისას, ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

ამასთან, ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოებასთან ერთად, პროექტის მიზანია ასევე, კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაციის შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება, აგრეთვე ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი და კინტრიშის ეროვნული პარკი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თეთრობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების კანონში ასახვა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე