სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება.
„ჩვენი მიზანია დემოკრატია და ჩვენ უკვე დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ვართ“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მისაცემად მივიდა.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მასში ორი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობს. პარლამენტში მოსახვედრად, პარტიამ 5 %-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ბლოკმა - 7 %. ამასთან, პარლამენტში, მინიმუმ, სამი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი. პარტიების უმეტესობა რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების მომხრეა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ პირობას დებს, რომ რუსეთთან შემდგომ ურთიერთობებს განავითარებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის ინტერესებზე.