„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოში უწყებებს არ შეუძლიათ ეფექტური მოქმედება  კორუფციის წინააღმდეგ

ბოლო პერიოდში გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები და მათზე ხელისუფლების რეაგირება ცხადყოფს, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს ამჟამად არ შეუძლიათ ეფექტური მოქმედება კორუფციის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც კორუფციაში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები ან მმართველ ჯგუფთან დაკავშირებული გავლენიანი პირები მონაწილეობენ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა „ნათლად აჩვენა, რომ კანონის გვერდის ავლით საარჩევნო კამპანიების დაფინანსება საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას“.

„საქართველომ 2004 წლიდან დღემდე გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. კერძოდ, პრაქტიკულად აღმოიფხვრა მექრთამეობა საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში. ამავე დროს, საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად და მხოლოდ 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის. საქართველოში „ელიტური“ კორუფციის პრობლემას გაესვა ხაზი ნოემბერში მიღებულ ევროპის პარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას ეხება”,- ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კორუფციასთან საბრძოლველად ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს.

„ხელისუფლებამ უნდა ჩამოაშოროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კორუფციის სავარაუდო შემთხვევების გამოძიების ფუნქცია და განიხილოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესაძლებლობა; უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა და მისი დაცულობა მმართველი პარტიისა და არაფორმალური ჯგუფების არაჯეროვანი გავლენისგან; იზრუნოს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინასების მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაზე; მიიღოს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ; იზრუნოს მართლმსაჯულების სისტემის შიდა თუ გარე დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე; უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების ეფექტური აღსრულება”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა