ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2018

რუსეთმა საფრანგეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა

“საკადრო ცვლილებები გარდაუვალია”, - “ოცნების” დეპუტატები უკვე ღიად ალაპარაკდნენ

პური გაძვირდა, ხალხი მარტო სანახაობის ამარა დარჩა

* * *

რუსეთმა საფრანგეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა

საფრანგეთი “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს. საფრანგეთის სპეცსამსახურები რუსეთის კვალით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გამოჩნდა, რომ “ტვიტერის” 600-ზე მეტი ანგარიში, რომელიც ადრე კრემლის პოზიციებს ავრცელებდა და ასევე კრემლთან დაკავშირებული ტელეარხები აქტიურად გადაერთვნენ საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს და ცდილობდნენ, სიტუაცია ბევრად უფრო მწვავედ წარმოეჩინათ, ვიდრე რეალურად იყო. საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქცია, უკვე 4 კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. ორი დღის წინ კი საფრანგეთმა გამოძიება დაიწყო ქვეყანაში მიმდინარე “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობის უკან შესაძლო რუსული კვალის არსებობის შესახებ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეს იძიებს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთმა საფრანგეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა - კრემლის კვალი "ყვითელი ჟილეტების" აქციაში.

“რუსეთი აცხადებს, რომ ეს ბრალდება ცილისწამებაა. “ჩვენ არ ჩავრეულვართ და არ ჩავერევით სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის შიდა საქმეებში”, - ამბობს კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი. როგორც სააგენტო “ბლუმბერგი” წერს, საფრანგეთის სამართალდამცველი უწყებები ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ - “ალიანსი დემოკრატიის დასაცავად” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები საპროტესტო მოძრაობაზე გავლენას ცდილობდნენ. მაგალითად, დაახლოებით 600 ანგარიში “ტვიტერში”, რომლებიც უკვე დიდი ხანია, კრემლის ხედვის პროპაგანდას ეწევიან, ბოლო კვირებია, საფრანგეთზე ფოკუსირდნენ და მათ მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული სახელმწიფო მედიაა, მათ შორის “რაშა თუდეი” და “სპუტნიკი”. “ბლუმბერგი” წერს, რომ ეს ორი არხი აქციებს აქტიურად აშუქებს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მაგალითად, ამ არხებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საფრანგეთის პოლიციის უმრავლესობა მაკრონს მხარს აღარ უჭერს და მომიტინგეების მხარეს გადავიდა. ამ არხებმა აჩვენეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც პოლიციელები ჩაფხუტს იხსნიან, რაც მომიტინგეებისადმი სოლიდარობის ჟესტად იქნა აღქმული. ადგილობრივმა ფრანგულმა პოლიციამ და ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ სცენის აღწერა არასწორი იყო. მათი თქმით, რამდენიმე პოლიციელმა მცირე ხნით მოიხსნა ჩაფხუტი, რათა მომიტინგეებს გასაუბრებოდნენ და შემდეგ ისევ დაიხურა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შაბათს, 8 დეკემბერს, ბრიტანულმა გამოცემა “ტაიმსმა” დაწერა, რომ “ტვიტერზე” ასობით რუსეთთან დაახლოებული გვერდი გამოჩნდა, სადაც 1 500-ზე მეტი ცრუ ინფორმაცია გამოქვეყნდა საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ; რომ ვრცელდებოდა დაჭრილი მიმიტინგეების ფოტოები, რომლებიც სულ სხვა აქციიდან იყო აღებული, რაც საფრანგეთის პოლიციის სისასტიკეზე ფაქტების გაზვიადების მცდელობაა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში წარსულშიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, მათ შორის ბრექსითის რეფერენდუმისა და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობდა ემანუელ მაკრონი 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინაც. გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ საფრანგეთს მოუწოდა, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა არ გამოიყენოს და უზრუნველყოს იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, ვინც მიტინგებს აშუქებენ. ზახაროვამ თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, აქციების გაშუქებისას დაშავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხ “რაშა თუდეის” საფრანგეთის ბიუროს 8 თანამშრომელი”, - განაგრძობს გამოცემა.

“საფრანგეთში ყვითელი ჟილეტებით მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო და მეოთხე კვირაა, გრძელდება. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავზე გადასახადის ზრდას აპროტესტებდა, რაც შემდეგ ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. შაბათს ქუჩებში 125 000-მდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ პარიზში - 10 000. მომიტინგეების ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია, მანქანები დაწვა და მაღაზიები გაძარცვა. პოლიციამ 1 700 ადამიანი დააკავა. შაბათის აქციიდან გავრცელდა ფოტოც, სადაც ორი ადამიანი დგას და ხელში სამფეროვანი სეპარატისტული დროშა უჭირავს, წარწერით “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა”. ისინი მოსკოვის გავლენიან წრეებთან დაკავშირებული ფიგურები აღმოჩნდნენ. ერთი - ფაბრის სორლინი, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის ლიდერი, ორგანიზაცია “ასოციაცია საფრანგეთი-ევროპა-რუსეთის” ყოფილი ხელმძღვანელი და, ასევე, იმ ანალიტიკური ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომლის ზედამხედველთა საბჭოში პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი შედის. მეორეა კსავიერ მორო, რომელიც “რუსული სამყაროს” იდეის გულშემატკივარია და დამკვირვებლის როლში მონაწილეობდა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის არჩევნებში, რის შემდეგაც აქტიურად აშუქებდა თავის პრორუსულ პოზიციას ფრანგულ მედიაში. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, რასაც რუსულ არხებზე ვხედავთ, ეს აშკარად მიანიშნებს, რომ რუსეთმა საფრანგეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა”, - დასძენს გამოცემა.

“ფედერალურ არხებზე, როგორიცაა “ოერტე” და “არტივიაი”, პირდაპირ მიდის რევოლუციური კადრების სურათები საფრანგეთიდან. “სპუტნიკი” მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, “რაშა თუდეი” კი - პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა მიმართულებაზე და ყველგან ცალმხრივი, პროპაგანდისტული ინფორმაციები ვრცელდება. როდესაც რუსულ საინფორმაციო სივრცეში, მათ შორის ფედერალურ არხებზე, ჩნდება ცნობები, რომ აი, ფრანგი პოლიციელები მომიტინგეების მხარეზე გადავიდნენ, ამით ფრანგულ საზოგადოებაზე ზემოქმედებაც ხდება. ამას ემატება სოციალური მედია, სადაც საფრანგეთის აქციებზე ფეიკნიუსები ვრცელდება. მეტსაც გეტყვით, რუსეთის ეროვნული თავდაცვის ცენტრში სულ ახლახან შეიქმნა ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების მართვის სარდლობა, რომელიც კოორდინირებულ არასამხედრო ოპერაციებს გეგმავს სწორედ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის მიმართულებით. რაც რუსულ მედიაში ხდება, ეს არის საინფორმაციო ომის კლასიკური მაგალითი. ეს რომ კარგად დადგმული არასაბრძოლო ოპერაციებია, ეს აშკარად ჩანს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ რუსეთს აქვს ინტერესი, რომ საფრანგეთში სიტუაცია არიოს და საფრანგეთის ხელისუფლება დაამხოს. ჩვენ ვიხილეთ, როგორ იყო რუსეთი ჩართული პატრუშევის სახით მონტენეგროში, რომ გადატრიალება მომხდარიყო. ახლა კი ინტერესი აქვს, საფრანგეთშიც არიოს სიტუაცია “რბილი ძალის” ელემენტებით. საფრანგეთი არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორი. თან, მაკრონი პროატლანტიკური ტიპის პოლიტიკოსია და რუსეთის სურვილია, გახლიჩოს დასავლური ერთიანობა და ტრანსატლანტიკურ კავშირს მეტი ზიანი მიაყენოს”, - დასძენს მაისაია.

“საკადრო ცვლილებები გარდაუვალია”, - “ოცნების” დეპუტატები უკვე ღიად ალაპარაკდნენ

“ხალხში ცვლილებების მოლოდინი არსებობს და ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. კონკრეტულად, როდის და როგორ, ჯერ ამაზე მსჯელობა არც ყოფილა”, - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “რეზონანსთან” საუბრისას. მმართველ გუნდში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოსალოდნელია სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, თუმცა, როდის დაიწყება და კონკრეტულად, რა ცვლილებებზეა საუბარი, მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, რადგან ამაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “საკადრო ცვლილებები გარდაუვალია”, - “ოცნების” დეპუტატები უკვე ღიად ალაპარაკდნენ

“ქანთარიას განცხადებით, სწორედ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად განხორციელდება პირველი ტურის გზავნილიც იყო, რომ მმართველ სახელისუფლებო გუნდში ხალხი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვს. კონკრეტული ინფორმაცია როდის, რა და როგორ - ეს ინფორმაცია არამგონია ვინმეს ჰქონდეს. პარტიის თავმჯდომარემაც თქვა, დაანონსა და კრიტერიუმიც აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან უნდა იყოს კვალიფიკაცია, ერთგულება, სახელმწიფოებრივი ხედვაც და პატრიოტიზმიც”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ცვლილებები და ამაზე საუბარი უკვე ღიად მიმდინარეობს. დაანონსებულია ცვლილება და ამაზე არა მარტო ბესელიამ თქვა, ამაზე საუბარი მიმდინარეობს. კონკრეტულად რომელი მიმართულებით, არ ვიცი, თუმცა უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებებს,” - განაცხადა შოთა ხაბარელმა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს პრაქტიკულად დაადასტურა ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბესელიას ცნობით, ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და საუბარი იყო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ამ თვეში იქნება გაცხადებული. “უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ცვლილებები. ჩვენ პრემიერთან გვქონდა საუბარი ორი დღის წინ და შევთანხმდით, რომ დეკემბრის თვეში გაჟღერდება ახალი ინიციატივები. ახალი წლის შემდეგ ალბათ უკვე იქნება კომპლექსური ხედვის თაობაზე შეჯერება პოზიციების, რომელიც უკავშირდება მათ შორის შიდა მენეჯმენტის ახალ შეთავაზებებს”, - განმარტა ეკა ბესელიამ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბრობს მმართველი გუნდის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ცვლილებების მოლოდინი საზოგადოებაში არჩევნების მეორე ტურის დროს შეიქმნა. “ცვლილებების მოლოდინი არჩევნების მეორე ტურის დროს შეიქმნა. აქ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების სიკეთე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოსახლეობამდე”, - პრესასთან საუბრისას განაცხადა გოგიჩაიშვილმა. მისი განმარტებით, “განცხადებები, რომელიც ახლა კეთდება, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნება, ეს არის შექმნილი მოლოდინების საწინააღმდეგო”, - დასძენს გამოცემა.

პური გაძვირდა, ხალხი მარტო სანახაობის ამარა დარჩა

“პურის ფასმა 10 დეკემბრიდან 5-10 თეთრით მოიმატა. არჩევნების დასრულებისთანავე თითქმის ყველა სავაჭრო ქსელში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პროდუქტი გაძვირდა. ბიზნესი გაძვირებას თვითღირებულების ზრდით და საწარმოო პროცესის დანახარჯით ხსნის, ქვეყნის პრემიერი კი ეჭვობს, რომ ერთბაშად სხვადასხვა კომპანიის მიერ პურის გაძვირება მონოპოლიის ბრალია. საქართველოში პური გაძვირდა და როგორ ამბობენ კიდევ გაძვირდება და მისი ფასი კიდევ მოიმატებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პური გაძვირდა, ხალხი მარტო სანახაობის ამარა დარჩა / “ვამბობდით, რომ 1 ლარით მატებასაც კი ვეღარ გაუძლებდა ბიზნესი, ახლა სწორედ ეს დღე დადგა”.

“სექტემბერში 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შემდეგ - რაც ხორბლისა და ჭვავის სამანქანო გზით იმპორტირების აკრძალვას შეეხებოდა, გაჩნდა განცდა, რომ პურპროდუქტების ფასი აღარ გაიზრდებოდა, თუმცა ყველა შეცდა. მომხმარებელი 10 დეკემბერს მოულოდნელი ფაქტის წინაშე დადგა. გაძვირების მიზეზებად ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ვალუტის კურსსა და რუსეთში ხორბლის ღირებულების 10-15%-ით ზრდას ასახელებს. გაძვირების მიზეზებზე კომპანია “იფქლშიც” საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს იყო მინიმალური ფასნამატი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს. “ბოლო თვეების განმავლობაში ხორბლის ფასი მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა... დღეის მდგომარეობით ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-50 ლარია, როდესაც აგვისტოში 33-35 ლარი ღირდა. რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია ფასებს უცვლელად ინარჩუნებდა მარაგისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, თუმცა ამჟამად იძულებული გახდა ფასების პოლიტიკისთვის გადაეხედა”, - განაცხადეს “იფქლში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის, რაც ლოგიკურია კერძო სექტორისთვის, მონოლოპიის ეჭვს უჩენს პრემიერ მამუკა ბახტაძეს - მისი აზრით პურის ფასის ზრდა შესაძლოა უსამართლო კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. მან შესაბამის ორგანოებს დაავალა დაადგინონ რა ხდება ამ მიმართულებით. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური ამბობს, რომ მისი უწყება უკვე დაინტერესდა პურის გაძვირების მიზეზებით. დაიწყება მონიტორინგი და უწყება მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საკითხს. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე კი ამბობს, რომ ფასის ზრდა ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული და ბიზნესს არავითარი ინტერესი არ ჰქონია, ეს ხელოვნურად გაეკეთებინა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ყველას ახსოვს, როცა აგვისტოს შემდეგ ტომარა ფქვილის ფასი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაიზარდა მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო ზღვრული გაძვირება და ბიზნესი ვეღარ გაუძლებდა გაძვირებას 1 ლარითაც. ახლა სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე. ფასის ზრდა არ მომხდარა არც პოლიტიკური, არც სხვა რამე ფაქტორით. ობიექტური რეალობაა - თვითღირებულება გაიზარდა და გაიზარდა პროდუქტის ფასიც; თან აიკრძალა მისი პოლიეთილენის პარკში ჩადებაც, გადავიდა ქაღალდზე და მეწარმე ვეღარ ჩაეტია ამ ფასში. უნდა აღინიშნოს, რომ ფქვილისა და ხორბლის დისტრიბუტორებისგან განსხვავებით, საცხობების სეგმენტი კონკურენტულია და ამიტომ ნებისმიერ ბიზნესს ექნება ინტერესი პირველივე შემთხვევაში პირველმა მან დასწიოს ფასი, მიიზიდოს მომხმარებელი და მეტი მოგება მიიღოს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა