კახა კალაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩიქოვანის N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ძველი ავტოფარეხების ადგილზე, დასასვენებელი სივრცე მოსახლეობის მხარდაჭერითა და თანადგომით მოეწყო. მისივე თქმით, თბილისის მერიას ანალოგიური მიდგომა ექნება ყველა იმ ადგილთან მიმართებაში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება.

„ყველა ვხედავთ, რა ლამაზი სკვერი მოეწყო იმ ძველი, უსახური ავტოფარეხების ადგილზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივებისთვის და შეუფერებელი იყო გარემოსთვის. მათი დიდი ნაწილი უკანონოდ იყო დადგმული. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენ საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად განვახორციელეთ. ეს გახდა ადგილი, სადაც ადამიანებს ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, პატარებთან ერთად მოვიდნენ და ზაფხულის ცხელ დღეებში მწვანე სივრცეში დაისვენონ. სხვათა შორის, ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოყვა, თითქმის ყველა რაიონში ხდება ანალოგიური ქმედებები. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, გვერდით დაგვიდგნენ. ეს ყველაფერი ისევ მათთვის და მათი შვილებისთვის კეთდება. ყველა თეთრის დახარჯვის პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერია და გამგეობები იღებენ. არანაირი ხარჯი მათ არ მოუწევთ, ამ პროექტებს ჩვენ განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც დაიგო კაუჩუკის საფარი, სკვერში მოეწყო თანამედროვე საბაღე ფურნიტურა, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა; სკვერის ტერიტორია სხვადასხვა ხე-მცენარით გამწვანდა, საფეხმავლო ბილიკები კი ფილებით მოპირკეთდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

მათივე ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამასთან, სკვერის პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 56410 ლარით დაფინანსდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს