ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ქალთა შრომითი უფლებების როგორც დაცვის, ასევე რეალიზების მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის

ქალბატონები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური დასაქმება და მათი შრომითი უფლებების დაცვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ საკითხებზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე - „ქალი, შრომა, უფლებები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შრომითი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა ერთნაირად პრიორიტეტული საკითხებია. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილისა და ადამიანის უფლებათა კვირეულის აღნიშვნით, კიდევ ერთხელ ხდება დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება საქართველოში.

“სამწუხაროდ, ჩვენთან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმთავითვე ვერ ამოქმედდა, გამომდინარე საბჭოთა რეჟიმიდან, რომლის პირობებშიც არ იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა, თუმცა, 90-იანი წლებიდან ჩვენთვისაც არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია სახელმძღვანელო დოკუმენტი და თანდათანობით ვითარდება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და ამ კუთხით პარლამენტს, ბუნებრივია, განსაკუთრებული როლი ეკისრება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებებისა და შრომითი უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა და მმართველმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს აისახა საკონსტიტუციო რეფორმაშიც, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დონეზე გაუმჯობესდა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შრომით უფლებებთან, მათ შორის შრომითი უსაფრთხოების დაცვასთან და სპეციალური ახალი ნორმა გაჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მოცემული გარანტიები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არსებითი თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის და იქ საუბარია დროებით ზომებზეც, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ასეთი არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სფეროში. საუბარია, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკის სფეროზე, ასევე, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 90-იანი წლებიდან, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ცნობიერების კუთხით, საქართველოში თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა იყო, თუმცა, ვითარება იცვლება. პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვაქვს მუდმივი პროგრესი და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების დამსახურება პირველ რიგში, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის და მხარდაჭერის გარეშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პროდუქტული იყო მათი მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გაუმჯობესდა ცნობიერება საზოგადოების გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ქალთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა აქ კიდე მეტია სამუშაო იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენ მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა ჩართულობის გაუმჯობესებასთან, ცნობიერების გაუმჯობესებასთან, გენდერული თანასწორობის კუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საბჭოს მიმართ. გამოვხატავ მადლიერებას, რა თქმა უნდა, სოფო კილაძის მიმართ, რომელიც არის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე ამ მიმართულებით და ასევე, მადლიერებას გამოვხატავ დიმიტრი ცქიტიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი და რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შრომითი უსაფრთხოების საკითხებს და ზოგადად, შრომითი უფლებების საკითხებს საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ასევე, ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც შრომით ბაზარზე გენდერული თანასწორობის უკეთ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„ეს კანონპროექტი კონკრეტულ ასპექტებს მოიცავს. საუბარია ქმედით ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე, შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, რჩება გამოწვევები, რომელსაც როგორც სუბიექტური, ისე, ობიექტური ფაქტორები განაპირობებს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და რეალიზებისთვის.

„ეკონომიკის მდგომარეობა, ბუნებრივია, უფრო მოწყვლადს ხდის ჩვენს საზოგადოებას შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული შრომითი უფლებები ჩვენს საზოგადოებაში. განსაკუთრებით, ქალბატონებისათვის, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალბატონები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი მათი კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი მათი კიდევ უფრო აქტიური დასაქმება და მათი შრომითი უფლებების დაცვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ საკითხებზე. პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ქალთა შრომითი უფლებების როგორც დაცვა, ასევე რეალიზება. ამის პირობა კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ თქვენს წინაშე”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ