გიორგი ქობულია - მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია

მთის განვითარება, მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია, - ამის შეასხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპტრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სხვადასხვა ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობაა მთის განვითარების მიმართულებით.

ღონისძიებაზე საქართველოს მთის რეგიონები, სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წარმოადგინეს, მათ სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რაჭის წარმომადგენელს, რაჭული ლორის მწარმოებელ როსტომ კობახიძეს გადასცა. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, როსტომ კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რაჭაში შექმნა ერთ-ერთი უნიკალური ქართული პროდუქტის საწარმო.

„ასეთი ტიპის საწარმო და ასეთი ტიპის პროდუქცია არის ის, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას უკეთებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ის მეტი გვჭირდება. დღესდღეობით, როგორც ვიცი, ჯერ წარმოება მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვისაა, მაგრამ უნდა დავეხმაროთ ბატონ როსტომს, რომ ექსპორტზე გავიდეს - სხვათაშორის, საწარმო არის გათვლილი 29 ტონა ღორის ხორცის დამუშავებაზე“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს