დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა მშობლებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიაღებინონ ბავშვებს იმ კვლევაში, რომლითაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის რაოდენობა დგინდება.
როგორც ლელა სტურუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კვლევა უკვე მიმდინარეობს და ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები უარს ამბობენ კვლევაში მონაწილეობზე. მისი განმარტებით, კვლევას გამოცდილი სპეციალისტები ახორციელებენ, შესაბამისად, ბავშვსა და მის მშობელს კვლევით არანიარი ზიანი არ ადგება.
ლელა სტურუას განმარტებით, ზოგადად ტყვიის შემცველობა ყველა ადამიანის ორგანიზმშია, თუმცა მკურნალობა იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ის ორგანიზმში ძალიან მაღალი რაოდენობით დაფიქსირდება. მისი თქმით, ტყვიის შემცველობა სისხლში სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება. მაგალითად, ბავშვს უჭირს კონცენტრირება, გონებრივი ჩამორჩენა აქვს, მოქმედებს ინტელექტუალურ განვითარებაზე და ზოგადად ნერვულ სისტემაზე. რაც შეეხება კონკრეტულად მიმდინარე კვლევას, რომელიც ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობას ეხება, ამ დროისთვის სისხლში შემცველობის გამოკვლევაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 13 000-მა ადამიანმა მიიღო.
"კვლევა ჩიხში არ მოქცეულა, უბრალოდ, გვაქვს იმის საშიშროება, რომ ვერ შევაგროვოთ სისხლის ის რაოდენობა, რაც გვაქვს დაგეგმილი. ჩვენი მიმართვა მოსახლეობისადმი უფრო პრევენციული მიზნითაა განპირობებული, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს 1500 ბავშვის სისხლის შეგროვება. ამისთვის მოვუწოდეთ, როგორც მშობლებს, ისე ექიმებს (პედიატრებს), რომ თავიან პაციენტებს კვლევაში მონაწილეობის ნება დართონ. კვლევაში მონაწილეობაზე უარის ძირითად მიზეზად სახელდება მოსახლეობის ნაკლები გათვითცნობიერებულობა ამ საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის საკითხს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთი გადაცემა მიეძღვნა. მეორე მიზეზად დავასახელებდი იმას, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები გარკვეულ რეზისტენტობას უწევენ. კვლევა საშიში არ არის, არანაირი ზიანი ბავშვსა და მის მშობელს არ ადგება. კვლევას ახორციელებს ძალიან გამოცდილი ფლებოტომისტი, რომელსაც გამოცდილება აქვს არამარტო სისხლის აღების პრაქტიკაში, არამედ უშუალოდ პედიატრიული ფლებოტომისტი გახლავთ. ზოგადად კვლევა მოცულობითია, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს შინამეურეობის შესახებ დაწყებული განათლებით და დამთავრებული იმით, თუ რა საწვავს იყენებენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად და ა.შ. ასევე ხდება წყლის სინჯის აღება და შემდეგ უკვე ვენური სისხლის აღება 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - განაცხადა სტურუამ.
მისი თქმით, კვლევა შერჩევითობის პრინციპით ტარდება, ხოლო მასში მონაწილეობისთვის თვითონ ოჯახი უნდა იყოს თანახმა. ლელა სტურუას ინფორმაციით, დაახლოებით 1 500 ბავშვის სიხლის ანალიზია საჭირო, რომლითაც სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ დაადგინონ, თუ რასთან აქვთ საქმე ტყვიის შემცველობის თაობაზე, როგორც ქალაქში, ისე სოფელში.
„ზოგადად, მთლიანად კვლევა 14 700-მდე შინამეურნეობას მოიცავს, ყველა ამ ოჯახში შედიან და თანხმობის შემთხვევაში ხდება შესაბამისი კითხვარების შევსება. იმ ოჯახებში, სადაც არის 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვი, ხდება სისხლის აღება“, - განაცხადა სტურუამ.