ნათია ზედგენიძე -  საქართველო ნამდვილად საჭიროებს იმ რესურსს, რომელიც  ახალგაზრდების სახით არსებობს

„განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით, დღეს, სასტუმრო Rooms Hotels’-ში კარიერული ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე დაესწრო და ახალგაზრდებს მიმართა.

„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მოხდეს მხოლოდ ერთი რომელიმე სექტორის აქტიური ჩართულობით, ის მოიცავს როგორც ბიზნეს, ისე, არასამთავრობო და საჯარო სექტორებს. აქედან გამომდინარე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ფორუმს, საქართველო ნამდვილად საჭიროებს იმ რესურსს, რომელიც ამ ახალგაზრდების სახით არსებობს“, - განაცხადა ზედგინიძემ.

ფორუმს ასევე დაესწრნენ ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრები ვიცე პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

ღონისძიების მიზანია, ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოება მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 25-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფორუმი უკვე მესამედ გაიმართა. ფორუმზე ახალგაზრდა პროფესიონალებმა, რომლებმაც განათლება და გამოცდილება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს, საკუთარი გამოცდილება, თანამშრომლობისა და ჩართულობის შესაძლებლობები გაუზიარეს მონაწილე ორგანიზაციებს და თავადაც გაეცნენ მათი საქმიანობის სპეციფიკას.

კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია და განიხილავს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს, მეორე ნაწილი კი - ახლახან დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა ახალი პროფესიული გამოწვევების მისაღებად. კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარებს აერთიანებს. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაარსებიდან დღემდე, 2013-2018 წლებში 650 სტიპენდია გასცა, ცენტრის დაფინანსებით სტუდენტებმა მიიღეს უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ცენტრის სასტიპენდიო თუ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი