უზენაეს სასამართლოს უნგრეთის იუსტიციის მინისტრი ესტუმრა

საქართველოს უზენაეს სასამართლოს დღეს იუსტიციის მინისტრის ლასლო ტროჩანის ხელმძღვანელობით უნგრეთის იუსტიციის სამინიტროს დელეგაცია ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაეს სასამართლოდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მუდმივი მდივანი (მოადგილე) ზოლტან მოლნარი, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ტივადარ რივფი და მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი არპად ლაპე.

დელეგაციის წევრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა მიიღეს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით, მზია თოდუამ ლასლო ტროჩანს დეტალურად გააცნო საქართველოს სასამართლო სისტემის სტრუქტურა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში განხორციელებული ცვლილებები და უკვე მიღწეული შედეგები, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ამაღლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

სტუმრები დაინტერესდნენ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესთან დაკავშირებული საკითხებით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან განხორციელდება სასამართლო სისტემაში. კერძოდ, ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ გარდაქმნის შესახებ.

„მინისტრი განსაკუთრებით დაინტერესდა სასამართლო სისტემაში საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დანერგვის შედეგებითა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საქმიანობის საკითხებით“, – განაცხადეს უზენაეს სასამართლოში.

მათივე ინფორმაციით, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ დღეს შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროშიც, სადაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგა ლასლო ტროჩანთან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას. მხარეები ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და მიგრაციის პოლიტიკის სფეროში, ასევე დანაშაულის პრევენციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს