სოსო ოსორაულის ძმა - ჩემი ძმა არის ცოცხალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჩემი ძმა არის ცოცხალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სიტუაცია გართულებულია, ვინაიდან როცა მარტივად იყო შესაძლებელი, ეს თემა არ მოგვარდა, რადგან სახელმწიფოს კეთილი ნება არ იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონგოში გაუჩინარებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა განუცხდა.

როგორც ის განმარტავს, ძმის ძებნას ამ დრომდე საკუთარი ძალებითა და კონტაქტებით ცდილობს. ის ამ მიზნით გერმანიასა და რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა. ოსორაული უახლოეს მომავალშიც აპირებს გაუჩინარებული ძმის მოსაძებნად წასვლას, თუმცა, რომელ ქვეყანაში, არ აკონკრეტებს.

„წინასწარ ვერ ვიტყვი ეს ამბავი როგორ დასრულდება, მაგრამ ეს ადამიანი ცოცხალი, თუ მკვდარი, მჭირდება საქართველოში, თავის მიწა-წყალზე. ინფორმატორებისგან რაღაც ინფორმაციები მივიღე.

სახელმწიფოს მხრიდან ისევ მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, მაგრამ არავითარი სიახლე არ არის, მისი ფაქტობრივი მდგომარეობა არ იციან. როგორც თვითონ ამბობენ, ამ საკითხზე მუშაობენ, მაგრამ რეალურად ოჯახს არანაირი სიახლე არ მიგვიღია მათი სამუშაო პროცესიდან.

როცა თეთრზე შავს გეუბნებიან ყველგვარი დამადასტურებელი ინფორმაციის გარეშე, ამის დაჯერება შეუძლებელია. დაღუპულიაო, რომ მეუბნებით, მანახეთ მაშინ სად არის?

დავიწყე ახალი კონტაქტების მოძიება. გავედი რაღაც კავშირებზე“, - აცხადებს ოსორაული.

შეგახსენებთ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 2017 წლის 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა. სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

იხილეთ ვიდეო: სოსო ოსორაულის ძმა - ჩემი ძმა არის ცოცხალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს