სახალხო დამცველი - საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროული ამოქმედება უსწრაფესად განსახორციელებელი რეფორმაა

საქართველოში ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროული ამოქმედება უსწრაფესად განსახორციელებელი რეფორმაა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას და მისი დროული შექმნა ევროპული ინტეგრაციისთვისაც აუცილებელი საკითხია. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად საქმიანობს არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით, რომლის აუცილებელი წინაპირობაა ყველა შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის ეფექტიანი გამოძიება. 2014 წლიდან დღემდე სახალხო დამცველის აპარატმა 68 საქმე განიხილა, სადაც მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. ყველა ამ შემთხვევაში სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა სამწუხაროდ, არცერთ საქმეში არ მოხდა შესაძლო დამნაშავე პირის იდენტიფიცირება.

ზემოაღნიშნული არაეფექტიანი გამოძიების და სხვა მიზეზების გამო, საქართველოს სახალხო დამცველი წლებია ითხოვს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც იქმნებოდა სპეციალური საგამოძიებო ორგანო, რომელმაც უნდა გამოიძიოს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. სამსახური უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი არ არის პრობლემის სრულყოფილად მოგვარების საშუალება, სახალხო დამცველი მის მიღებას წინ გადადგმული ნაბიჯად აფასებს.

2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა კანონის პროექტი, რომლითაც ხდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების გადავადება. გადავადების ერთადერთ მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო თანხების გამოყოფის აუცილებლობა. აღნიშნულის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოხდა ამ თანხის გამოყოფა 2018 წელს, როცა აღნიშნულისთვის საკმარისზე მეტი დრო იყო. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო სახსრები გამოეყოთ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებების გზით, ისე სარეზერვო სახსრებიდან.

ასევე აღსანიშნავია, რომ „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშიც არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, როგორც ამას „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ საქართველოს კანონის“ გარდამავალი დებულება მოითხოვს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროული ამოქმედება უსწრაფესად განსახორციელებელი რეფორმაა საქართველოში ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად. დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას და მისი დროული შექმნა ევროპული ინტეგრაციისთვისაც აუცილებელი საკითხია. ნებისმიერი ბარიერი და დაბრკოლება ამ მიმართულებით სწრაფ გამოსწორებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველი გამოითხოვს ინფორმაციას ყველა საჯარო უწყებიდან და საკითხს დამატებით შეისწავლის“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა