მიხეილ ბატიაშვილი - თქვენ უნდა გახდეთ თანამონაწილე იმ ძირეული რეფორმისა, რასაც ასე საჭიროებს განათლების სისტემა

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიხეილ ბატიაშვილმა ცენტრის ერთი წლის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და ცენტრის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მიხეილ ბატიაშვილმა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ახალგაზრდებს მიმართა.

„მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია - დაფინანსებულია 650-მდე სტუდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ. მნიშვნელოვანია პროგრამების მრავალფეროვნებაც, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას. ყოველწლიურად, კიდევ უფრო გაიზრდება ახალგაზრდების დაფინანსება, რადგან თქვენ ის მომავალი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს. თქვენ ყველაზე კარგად იცით განათლების ფასი და სწორედ თქვენ უნდა გახდეთ თანამონაწილე იმ ძირეული რეფორმისა, რასაც ასე საჭიროებს განათლების სისტემა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა, გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წელი საპარტნიორო პროგრამებით იყო გამორჩეული. ცენტრის თანამშრომლობითი პროგრამების შესახებ პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს.

„2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას.

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულთა პანელის ფორმატში ცენტრის ათამდე ბენეფიციარმა საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება, ხედვა და სამომავლო გეგმები გაუზიარა.

დაარსების დღიდან ცენტრმა 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ცენტრი დამატებით ორ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს.

„პროგრამები „იტალიის რექტორთა საბჭოსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ან ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდება. საპილოტე პროგრამების ხარჯზე ცენტრს 20-მდე სტიპენდიატი დაემატება. ასევე საქართველოში არსებულ ბიზნესთან თანამშრომლობით იგეგმება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში ახალი სასტიპენდიო სქემის გამოცხადება, სადაც 5-10 სტიპენდია სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად და პროფესიული გადამზადებისთვის გაიცემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა