სავაჭრო-სამრეწველო პალატა დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით კვლევის შედეგებს წარადგენს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით კვლევის შედეგებს წარადგენს. პრეზენტაცია, სახელწოდებით - “პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-შ გაიმართება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშში ასახულია შესაბამისობის კვლევის შედეგები, რეგიონული ბიზნესის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის. კვლევა საქართველოს სამ რეგიონში განხორციელდა.

პრეზენტაციას პალატასთან არსებული “დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს“ წევრები, ასევე ბიზნეს-სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების მიმდინარეობისას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

“დოკუმენტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ პალატა მიიღებს მონაწილეობას და ჩართული იქნება “პროფესიული განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შესამუშავებელი კანონქვემდებარე აქტების განხილვა-მომზადებაში, რაც მოიცავს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობასაც. დოკუმენტს ხელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე მოაწერენ.

მემორანდუმის შესაბამისად, პალატა ჩაერთვება სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომელთა თემატიკაც შემდეგ საკითხებს მოიცავს: პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება და დამტკიცება; არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება; არაფორმალური განათლების აღიარების უფლებამოსილების მოპოვების წესებისა და პირობების შემუშავება; პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მათი ფორმების მომზადება.

ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

2018 წელს პალატამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით შექმნა “დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“, რომლის წევრებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროფესიული განათლების ექსპერტები არიან. საბჭოს შექმნის მთავარი მიზნები საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა და კერძო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა“, - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი