სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და მსხვილ მოთამაშეებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა, რაც ბოლო წლებში შეინიშნება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების პრობლემაც არის.
„მინდა, ყურადღება საფრთხეებზე გავამახვილო. სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა - ეს არ არის საქართველოს უნიკალური პრობლემა, ყველგან ხდება, მათ შორის სხვა ქვეყნებშიც. სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე მსხვილ მოთამაშეებს. მთელი ეს ტენდენცია არის ბოლო წლების, რომელზეც მე აქცენტებს გავაკეთებ. სერვისის მომწოდებელთა მსხვილმა ქსელმა შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს სტრატეგიულ შესყიდვაზე ანუ იმ გეგმაზე, რის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. აქ სამედიცინო დასწრება მე მიჩენს იმედს, რომ ჩვენი კომუნიკაცია როგორც ადრე, ისე მომავალში იქნება კონსტრუქციული და ჩვენ ყველა პაციენტების ინტერესებიდან გამოვალთ და არამხოლოდ სერვისების მომწოდებლების ინტერესებიდან. მოკლე გეგმა, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, (ვრცელ გეგმას პარლამენტის წარვუდგენთ) არის სტრატეგიული შესყიდვების რეფორმირება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ასევე, მინისტრმა სელექტიური კონტრაქტის გაფართოებაზეც ისაუბრა და ახსნა, თუ აღნიშნულში კონკრეტულად რა იგულისხმება.
„რა იგულისხმება სელექტიურ კონტრაქტირებაში - სამედიცინო დაწესებულება აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს ანუ ის ფუნქციონირებს; სახელმწიფო აწესებს დამატებით კრიტერიუმებს, რომ სამედიცინო დაწესებულება არამარტო სანებართვო პირობებს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, იმისათვის, რომ ჩვენ მასთან ვითანამშრომლოთ. ეს თანამშრომლობა ხანდახან პლატონურ ხასიათს ატარებს ხოლმე, რადგან ზოგ დაწესებულებას რთულად წარმოუდგენია, ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლი - “რატომ გვაკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო, უბრალოდ, ფული გადაგვიხადოს და ამით დავამთავროთ”,- ამბობენ ისინი. ამით ვერანაირად ვერ დავამთავრებთ, ძვირფასო კოლეგებო და სელექტიურ კონტრაქტირებას ვაკეთებთ იმიტომ, რომ უბრალოდ, აწიოთ სანებართვო პირობები მაღლა”,- აღნიშნა მან.