განათლების კომიტეტში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა 28 დეკემბერს გაიმართება

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა 28 დეკემბერს გაიმართება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სხდომაზე განაცხადა, საკითხზე სრული ინფორმაციის მისაღებად კომიტეტზე ანგარიშს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების ცენტრის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი წარადგენენ.

„განათლების სამინისტროში მზადდება სრული ინფორმაცია წლის განმავლობაში ჩატარებულ 98 ინსპექტირებასთან დაკავშირებით. ეს იქნება სრული სტატისტიკური მონაცემები როგორც ინსპექტირების დაწყების საფუძველზე, ასევე რეაგირების დროზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე. წელს ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ საერთო სურათი და უნდა ვნახოთ, იყო თუ არა ზუგდიდის შემთხვევაში განსაკუთრებულ მიდგომასთან საქმე. 28 დეკემბერს ჩაინიშნება საკომიტეტო მოსმენა, სადაც ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები წარადგენენ სრულ ანგარიშს“, - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ სხდომა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც მარიამ ჯაში განმარტავს, სამინისტრომ სრული ინფორმაციის მოსამზადებლად 4 დღე ითხოვა და მან ეს დრო მისცა.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს