გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მაჩვენებლები გასულ წელზე მეტია, თუმცა ორი წლის წინანდელ მონაცემებზე - ნაკლები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა შესაბამისი ქმედებისთვის მზად არის.
„ორი წლის წინ სხვადასხვა გამომწვევები იყო და წელს დომინირებს ერთი გამომწვევი - H1N1, რომელსაც ახასიათებს შედარებით მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვებს. ახალი მონაცემები გვექნება ორშაბათს. ამ ორშაბათის იყო 221. ეს რაოდენობა საკუთრივ დაავადების მიმდინარეობაში არაფერს ცვლის, თუმცა მაინც საყურადღებოა და მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა თავს. მთავარი გზავნილი არის ის, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, რომ თუკი რაღაცა ზღვარს გადააჭარბა და საგანგებო მზადყოფნა გახდა საჭირო, მზად ვართ თუ არა ამისთვის. დიახ, ამისთვის სისტემა მზად არის და ამ სამი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულია გეგმა, რომელიც ყოველ წელს იტესტება, თუმცა წელს ეს სიტუაცია არ გვაქვს“, - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება მიმართვების რაოდენობის გაზრდას, მინისტრის თქმით, ჰოსპიტალებში ადგილებზე შეფერხება არ არის. „ამ ყველაფრის მეორე ნაწილი არის ამბულატორიების თემა, როცა პაციენტები აკითხავენ ოჯახის ექიმებს კონსულტაციისთვის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაზრდილი იყოს დალოდების დრო, თუმცა არა იმიტომ, რომ ადგილი არ არის, არამედ გაზრდილი მიმართვიანობის გამო. მიმართვიანობა გაორმაგებულია. ჩვენ დღეში ორჯერ გვაქვს შეფასება მიმართვიანობის და გამოძახებების, დღეს კიდევ ერთხელ შევამოწმებთ, გავაანალიზებთ და საჭიროების შემთხვევაში გადავალთ პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც საოჯახო ცენტრები გადადიან 24/7-ზე რეჟიმით და გამოძახებებზე გასვლაზეც ვეხმარებით ტრანსპორტით“, - აღნიშნა სერგეენკომ.