გიორგი მიქაუტაძე - ეკა ბესელიას განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს

სასამართლო სისტემა არ იქნება ჩათრეული და ჩაყოლიებული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის გამოეხმაურა უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით პარლამენტიდან გაწვეული უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სია. გიორგი მიქაუტაძის თქმით, ბესელიას ეს განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს იუსტიციის საბჭო.

"შეძლებისდაგვარად გავეცანი განცხადებებს, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პარლამენტის მხრიდან. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და სრულებით კანონიერად წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ის განცხადებები, რომლებიც გაჟღერდა და მათ შორის ქალბატონ ეკას განცხადებაც, ვფიქრობ, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს პოლიტიკურ ასპარეზზე, ჩაბმული იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა და ეს არის ნამდვილად არასწორი ნაბიჯი. სასამართლო სისტემას არ აქვს საქმე პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენ ვემიჯნებით იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს სასამართლო სისტემის და წარდგენილი კანდიდატების დისკრედიტაციისკენ. მე სხვა შეფასებას ნამდვილად, ვერ გავაკეთებ. სია არის წარდგენილი და მასზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა. დღევანდელი მოცემულობით ასეთი მდგომარეობაა.

ყველა დამეთანხმება, რომ საბჭოს არც ერთი პროცედურა და არც ერთი საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც არსებობს და მოქმედებს დღეს, არ დაურღვევია იმით, რომ წარადგინა. პირიქით, მე ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იყო აბსოლუტურად აუცილებელი უზენაესი სასამართლოს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის და ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და გადავდგით ეს ნაბიჯი. აქვს ადგილი მცდელობას, რომ რაღაც პოლიტიკურ სარჩულად იყოს გამოყენებული მოვლენები, რომლებიც განვითარდა დღევანდელი მდგომარეობით. მე ისიც კი წავიკითხე, რომ კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომას უკავშირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ჩვენ არც ერთხელ დაგვიყენებია ასეთი მოთხოვნა, რომ დაჩქარებულ ან დაუჩქარებელ ვადებში ყოფილიყო საკითხი განხილული. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობის ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესში ეკუთვნოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და წარვადგინეთ კანდიდატები. ახლა ამ კანდიდატების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა. ეს არის სამართლებრივი პროცესი. სხვა განცხადება, რომელიც კეთდება, არის პოლიტიკური სარჩულის მქონე და ჩვენ ამ განცხადებებს ვემიჯნებით და სასამართლო სისტემა არ იქნება ჩათრეული და ჩაყოლიებული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს", -განაცხადა მიქაუტაძემ.

ჩემი გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეების სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები“.

„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურის სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ სიაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნდა, მიმაჩნია და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს