დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე დღეში გაგზავნიან. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, საჩივრის გაგზავნის ექვსთვიანი ვადა პირველ თებერვალს იწურება, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეს რამდენიმე დღეში გაგზავნიან.

„2018 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე, ამით საქართველოში სამივე ინსტანცია ამოიწურა. აქედან 6 თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს ვადა პირველ თებერვალს გადის, შესაბამისად, იანვრის თვეში, აუცილებლად გავგზავნით ამ საჩივარს. საჩივრის უფრო ადრე შეტანაც შეგვეძლო, მაგრამ ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს შემოგვიერთდა დავით ჯანდიერი, ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, ის ამ საჩივრის დაწერაში იღებს მონაწილეობას. ჯანდიერი საქმეში თავიდანვე ჩართული არ ყოფილა, შესაბამისად, საქმის შესასწავლად მას დრო დასჭირდა. 2019 წლის იანვრის თვეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიტანთ“, - აცხადებს ფანცულაია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ არც ერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნიან

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს