ზაქარია ქუცნაშვილი - იურიდიული კომიტეტის შიგნით ორი ჯგუფი იყო შექმნილი, ის ხალხი, ვინც არც ერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებით, უხერხულ მდგომარეობაში ვიყავით

ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში იყო ჩართული, ყველა ხედავდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შიგნით ორი ჯგუფი იყო შექმნილი - რა იყო მათ შორის დაპირისპირების მიზეზი, ეს თავად უნდა თქვან, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ის ხალხი, ვინც არც ერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებით, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიყავით. გახსოვთ, დემონსტრაციულად კომიტეტის სხდომების დატოვება, კვორუმის პრობლემები... იურიდიულ საკითხა კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკასა და ვანოს (ზარდიაშვილი) ჯგუფებს შორის. ფრაქციის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვახსენა, რომ ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული. ამით ის შეეცადა განემარტა, რომ მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებული ვერ იქნებოდა. მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ რამდენიმე დეტალი თქვა, რასაც თუ თვითონ ჩათვლის საჭიროდ, თავად გაასაჯაროებს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ უნდა დაველოდოთ ეკა ბესელიას საქართველოში ჩამოსვლას და საკითხი მის დაუსწრებლად არ უნდა განვიხილოთ. ეს იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველას პოზიცია, ვინც იმ დარბაზში იმყოფებოდა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი იმასაც ამბობს, რომ უმრავლესობის წევრების ე.წ. ძველებად და ახლებად დაყოფა არასწორია. დეპუტატის თქმით, განსხვავების ნიშნები მმართველობის ფორმებს ეხება, სადაც ერთ თუ მეორე მხარეს არიან “ძველებიც“ და “ახლებიც“.

“არიან თუ არა აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და თამარ ჩუგოშვილი ძველებში? ასეთი გაყოფა არასწორია. განსხვავებული მიდგომები არის მმართველობის ფორმებთან დაკავშირებით, სადაც როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს არიან “ძველებიც“ და “ახლებიც“. ის ფრთა, რომელიც დავასახელე პარლამენტსა და მთავრობას შორის მეტ ჩართულობას, მეტ კომუნიკაციასა და მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. ამას ასევე ითხოვს ნუკრი ქანთარია და “ძველი გვარდიის“ სხვა ღირსეული წევრი. ჭიდაობა ორ ფილოსოფიას შორის არის. გუშინ პარტიის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ კომუნიკაცია გასაუმჯობესებელია და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია საკადრო პოლიტიკასთან თუ პრინციპულ საკანონმდებლო ცვლილებებთან, წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს პარლამენტთან“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა