ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლაზე განცხადებები არასერიოზული და უპასუხისმგებლოა

განცხადებები იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაიშალოს, ვფიქრობ, რომ არასერიოზულია და რიგ შემთხვევებში, უპასუხისმგებლოც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა გამოიწვევს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, უფლებამისილების შეწყვეტაზე ვენეციის კომისია ამბობს, რომ კანონში უფრო დეტალურად უნდა გაიწეროს კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში უწყდება უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს.

„როცა პარლამენტის წევრები ამბობენ და სხვათაშორის, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს, რომ საბჭო უნდა დაიშალოს, ეს გამოიწვევს საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტას. ასეთი ზოგადი განცხადებები ზიანს აყენებს საბჭოს ინდივიდუალური წევრის დამოუკიდებლობას და მთლიანად საბჭოს. ასეთივე იყო წინა შემადგენლობაც და მე, მაშინ ასეთი განცხადებები არ მომისმენია“ , - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაიშლება. მოსამართლე წევრებს ისევ კონფერენცია აირჩევს, ხოლო კონფერენციაზე კი ე.წ. კლანის მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეები იქნებიან არჩეულები.

„არ ვიცი რა ფორმას და რა კომბინაციას გვთავაზობენ, მაგრამ თუ მოსამართლე წევრებს ისევ კონფერენცია აირჩევს, ცხადია კონფერენცია იმ ხალხს აირჩევს, ვისაც კლანისგან და მიხეილ ჩინჩალაძისგან ექნება მხარდაჭერა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შესაძლოა, შეიცვალოს მხოლოდ გვარები და არ შეიცვალოს შემადგენლობა. იგივე პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან, რასაც დღეს ატარებენ გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი შენგელია. რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არამოსამართლე წევრების უმრავლესობა არის მდუმარე პოზიციაში და როგორც წესი, კრიტიკულ პოზიციას არ აფიქსირებენ. იცით, რომ საბჭოს მხოლოდ სამმა არამოსამართლე წევრმა (ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და ირმა გელაშვილი) მხარი არ დაუჭირა ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას. ხოლო, კითხვა არ დაუსვამთ დანარჩენ არამოსამართლე წევრებს - შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილს და ზაზა ხარებავას, რომლებიც პარლამენტის მიერ არიან არჩეულნი. დღეისთვის საბჭოში შემადგენლობა ისეთია, რომ ფორმალურად ძალიან კარგი და იდეალურია. უმრავლესობა კვლავ მოსამართლეებს აქვთ. ეს ზოგადად, მიღებული ფორმაა, მაგრამ პრობლემა არა დაკომპლექტებაში, არამედ არჩევაშია“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა შესაძლოა, აწყობდეთ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს: ვანო ზარდიაშვილს და მამუკა მდინარაძეს, „რადგან მერე ისინი აირჩევენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან შოთა ქადაგიძესავით მდუმარე კანდიდატები“.

„მათ ეს უფრო აწყობთ, ვიდრე ჩემნაირი ადამიანები იყვნენ აქ, რომელიც ღიად საუბრობს ყველა პრობლემაზე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც დღეს იუსტიციის საბჭო არსებობს, დასაშლელია“.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს