თამარ ჩუგოშვილი - ამ თვეშივე უნდა მომზადდეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და წარდგენის წესი, რაშიც წამყვანი როლი ექნება პარლამენტს და არა იუსტიციის საბჭოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატის განხილვა არ უნდა მოხდეს, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაშია.

როგორც ჩუგოშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასამტკიცებლად წარმოდგენილ სიაში ყველა ცუდია და არც ერთი კანდიდატი არ ვარგა, მაგრამ მათი წარმოდგენის ფორმა იმდენად არასწორი იყო, რომ წარმოდგენილი კანდიდატების განხილვის დაწყება არ უნდა მოხდეს“.

„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რას უზამს პარლამენტში დასამტკიცებლად წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას და პროცედურულად როგორ გააგრძელებს პროცესს. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში განსახილევლად ეს ვერსია არ უნდა გამოიტანონ. სიაში შესაძლოა არიან ადამიანები, ვის მიმართაც არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ სერიოზული პრობლემა გვაქვს მათი შერჩევის ფორმასთან. სიაში არის ორი-სამი ადამიანი, ვისაც ხმას მივცემდი, მაგრამ ახლა ხმას ვერ მივცემ, რადგან როგორც მოხდა მათი შერჩევა და როგორც შედგა მთლიანად ეს სია, ამასთან გვაქვს სერიოზული პრობლემა. შესაძლოა, სასამართლო სისტემაში ან სისტემის გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც უზენაესი სასამარლოს მოსამართლის როლს ბევრად უკეთესად შეასრულებდნენ, მაგრამ ისინი არავის უძებნია და რეალური შერჩევა არ ჩატარებულა - ვიღაც დაჯდა და სია დაწერა. ამიტომ მგონია, რომ ვინც ამ სიაშია, მათი განხილვა არ უნდა მოხდეს“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მისივე აზრით, მაქსიმალურად სწრაფად - ამ თვეშივე უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ, რა პროცესშიც წამყვანი როლი ექნება პარლამენტს და არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

ირაკლი კობახიძე თავმჯდომარეობს სამუშაო ჯგუფს, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს. სამუშაო ჯგუფი შედგება პარლამენტის წევრებისგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან. მასში ასევე ჩართულია იუსტიციის სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ახლა სასწრაფოდ გასაწერია საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და წესი. ჩემი აზრით, აქ წამყვანი როლი ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს პარლამენტს და არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს მაქსიმალურად სწრაფად - ამ თვეშივე. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები და ამ სტანდარტებს უნდა გავყვეთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი