ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 6 წლის ბიჭის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 6 წლის საბა კიწმარიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის კლინიკიდან გაყვანა გახდება საჭირო, სამინისტრო და საავადმყოფო ამას უზრუნველყოფენ.

„როგორც კი პარასკევს შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული პაციენტი მეთვალყურეობის ქვეშ უკვე აყვანილი ჰყავდა. ჩვენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან კონტაქტზე ვართ. ჩატარდა რამდენიმე კონსილიუმი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის მხრიდან მოთხოვნები იყო ჩვეულებრივი, ბანალური, რომელიც ყველა მშობელს ექნებოდა, მაგალითად, ყურადღების მიქცევის საკითხი, რომელიც ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შეუჩერებლად გვქონდა. ჩვენ 2 მიმართულებით ვმუშაობთ: მდგომარეობა დასტაბილურდეს და ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ვამოწმებთ, თუ კონსილიუმისთვის ვინ დაგვჭირდება. ასევე, თუ ბავშვს საავადმყოფოდან გადაყვანა დასჭირდება, ამ შემთხვევაში, დაწესებულება მისი ტრანსპორტირებისთვის მზად არის, იმ შემთხვევაში, თუ ეს დასაშვები იქნება, მაგრამ შეიძლება, ესეც არ გახდეს საჭირო”,- აღნიშნა მან.

ამასთან, პაციენტის მშობლების ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, ზაზა ბოხუამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მშობლებმა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართონ.

საბა კიწმარიშვილის ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი დიაგნოზი კი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, ჯერჯერობით უცნობია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა