ამ დროისთვის გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო, 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული

ამ დროისთვის გრიპის ვირუსის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო 800-მდე პაციენტია ჰოსპიტალიზებული. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 5-14 იანვარს ჯამში 4 000-მდე პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გრიპით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა.

„დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ამოცანაა შევაჯამოთ და გავაანალიზოთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სიტუაცია. რაც შეეხება გრიპით გაზრდილ ავადობას, თქვენი ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ასეთი კოორდინირებული ქმედებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზიანი ბევრად ნაკლები იყოს ამ დამაზიანებელი ფაქტორისაგან. პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით 253-ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგან რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა უფრო გამარტივდა. დაავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო, გაზრდილი შემთხვევების პირობებში. ის ცვლილებები, რაც ჩვენ ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად განვახორციელეთ, მიმართული იყო ერთი მხრივ იმისკენ, რომ სამედიცინო სამსახურებს ჰქონოდათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება - პირველ რიგში, სასწრაფო დახმარებას. საოჯახო მედიცინის ცენტრების ამ 24 საათიან რეჟიმზე გადასვლამ მნიშველოვნად განმუხტა სასწრაფო დახმარების მუშაობა”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 112-ის გამოძახებების რაოდენობა, რომელიც აღწევდა 3 200-3 500-ს, დაახლოებით 400-გამოძახებით შემცირდა.

ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსული მედიკამენტის „ტამიფლუს” 10 000 კოლოფი შეისყიდეს, რომელიც უსასყიდლოდ გაცემის მიზნით დაურიგდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, აფთიაქებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს. ასევე, შემოტანის დღიდან დღემდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან მედიკამენტი გაიცა 2012 პირისთვის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებიდან კი დახლოებით 100 პირზე. უწყების განმარტებით, მიმდინარე დღეებში ხარჯვის დინამიკის გათვალისწინებით ასევე განიხილება მედიკამენტის დამატებითი მარაგების შესყიდვის საკითხი.

მათივე თქმით, შეკვეთილია 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის შემოტანის ზუსტი თარიღი გაჟღერდება უახლოეს დღეებში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს