მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობა გრძელდება

თბილისში, ქსნის ქუჩაზე, N12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომის ნაცვლად, საბავშვო გასართობი მოედანი და ფიტნეს ზონა მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ატრაქციონები და ტრენაჟორები კაუჩუკის საფარიან მოედანზე დამონტაჟდა, ასევე, განთავსდა საპარკე სკამები და ურნები.

მათივე ინფორმაციით, ახლად მოწყობილი სპორტულ-გასართობი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას მოსახლეობა ავტოსადგომად იყენებდა. ადგილობრივების მოთხოვნით, ახალი გასართობი მოედანი და ფიტნეს ზონა მოვაწყეთ, რომლითაც ცხრა კორპუსის მცხოვრებლები სარგებლობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები 20-მდე მისამართზე დამონტაჟდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის