ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დ.ღ.-ს საქმის განხილვა გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდო.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა, დაცვის მხარემ მომდევნო სხდომაზე უნდა დააფიქსიროს მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიცია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დ.ღ.-ს ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას ნაწილობრივ დაეთანხმნენ.

"წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ დაცვის მხარის მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები გამხდარიყო უდაო. დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დაეფიქსირებინა დაცვის მხარეს თავისი პოზიცია. დაცვის მხარე ნაწილობრივ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას და მათი მხრიდან წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვას დაცვის მხარე არ ითხოვს.

ამასთან, დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების უდავოობასთან და სადაოობასთან დაკავშირებით, შემდეგ სხდომაზე წარმოადგენს დაზუსტებულ პოზიციას", - განაცხადა ქვარცხავამ.

პროკურორისთვის უცნობია, თუ რას ეფუძნება ადვოკატის განცხადება, რომლის მიხედვითაც პროკურატურის შუამდგომლობა, დაცვის მხარის მტკიცებულებების უდაოდ ცნობასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა.

„მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარის მხრიდან არის წარმოდგენილი, ბრალდებასთან მიმართებაში რაიმე კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს არც ადასტურებს და არც უარყოფს", - დასძენს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი