ირაკლი კობახიძე - უახლოეს წლებში ჩვენი უმთავრესი საზრუნავი იქნება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება

უახლოეს წლებში ჩვენი უმთავრესი საზრუნავი იქნება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და ამ გზით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან ეტაპობრივ დაახლოებას და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ბოლო წლებში საქართველომ არა მხოლოდ რიტორიკული, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი ჩვენთვის და ამ არჩევანს აქვს ღირებულებითი საფუძველი. ამ მხრივ მიღებულმა ხელშესახებმა შედეგებმა, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის მხარდაჭერა დასავლური ინტეგრაციის მიმართ.

2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, ყველა ორგანო ვალდებული გახდა, იზრუნოს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის. შესაბამისად, ეს მიზანი უკვე კონსტიტუციურ მიზნადაც განისაზღვრა.

უახლოეს წლებში ჩვენი უმთავრესი საზრუნავი იქნება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და ამ გზით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნა, ჩვენი ქვეყნის სრული ევროპეიზაცია. გვჯერა, რომ ამით ვაძლიერებთ არა მხოლოდ ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ დამოუკიდებლობის საფუძველსაც. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან ეტაპობრივ დაახლოებას და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. იმედი გვაქვს, რომ თავის მხრივ ევროკავშირიც უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების პროცესსაც გაუსვა ხაზი.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ატარებს ფუნდამენტურ რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების მიმართულებით.

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, განხორციელებული თითოეული ცვლილება ორიენტირებულია ადამიანზე, მისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობის შექმნაზე. კონსტიტუციური ცვლილებები ასევე ამყარებს დემოკრატიული, დაბალანსებული მმართველობის სისტემას და ეს არის ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკური მმართველობის სისტემა.

ამ რეფორმების შედეგად, გვაქვს დიდი მიღწევებიც, რაც აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, საქართველო ლიდერია რეგიონსა და მთელ მსოფლიოში კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის, მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის და სხვა მიმართულებებით. ქვეყანაში მედია თავისუფალია; რამდენიმე წელია საშუალოდ 5%-ით იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მთელს რეგიონში; საქართველო მიმზიდველი ქვეყანა ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. 2018 წელს 8,5 მილიონი ადამიანი ეწვია ჩვენს პატარა ქვეყანას ანუ ტურისტების რაოდენობა ორჯერ და მეტად აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა