შსს-მ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაშავებულია 4 ადამიანი. მედიკოსების პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები.

სამინისტროს განცხადებით, დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 40 შეტყობინება. ყველა შემთხვევაზე პოლიციის თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გამაგრების და ქარისგან წაქცეული ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო. რაც შეეხება ავტომობილების დაზიანების ფაქტებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველსაყოფად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო, პრევენციულ და საგამოძიებო მოქმედებებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი